“ბარსელონამ” ნეიმარისა და ლაუტაროს ტრანსფერებზე ამ ეტაპზე უარი თქვა
“ბარსელონას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ კლუბმა ამ ეტაპზე ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერებზე უარი თქვა.
“ინტერთან” ლაუტარო მარტინესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებდით, მაგრამ გარიგება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაიდო. დღეს არსებული მდგომარეობა დიდი ტრანსფერების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევს.
ვერც ნეიმარის ტრანსფერი გამოვა. “პარი სენ-ჟერმენს” არ სურს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გაყიდვა. გასულ ზაფხულს მის დასაბრუნებლად ძალზედ ბევრი ვიმუშავეთ, ახლა ამას არც კი ვეცდებით.
მარტიდან ივნისამდე კლუბმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო დაკარგა. მომდევნო სეზონში 1,1 მილიარდი ევროს გამომუშავებას ვგეგმავდით, მაგრამ ეს მაჩვენებელი 30 პროცენტით შემცირდა. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, თუ გულშემატკივრები ტრიბუნებზე არ დაბრუნდებიან და თუ ჩვენი მუზეუმი და მაღაზიები არ გაიხსნება, დიდ თანხებს დავკარგავთ. დღეს შექმნილ მდგომარეობას უნდა მოვერგოთ”, – თქვა ბარტომეუმ Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.