“ბარსელონამ” “სევილიას” ბრწყინვალე ქამბექი შეუსრულა (ვიდეო)
კატალონიის “ბარსელონამ” 3 მარტს საკუთარ კედლებში “სევილია” მიიღო და ძალიან რთული დავალების შესრულებას შეუდგა. კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში განცდილი მარცხის (2:0) შემდეგ “ბლაუგრანას” მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
ანგარიში მატჩის მე-12 წუთზე უსმან დემბელეს ბრწყინვალე გოლით გაიხსნა, რითიც რონალდ კუმანის ბიჭებმა თავისი დავალების პირველი ნაწილი შეასრულეს. ტაიმის დარჩენილ დროში “ბარსელონა” ფლობდა უპირატესობას, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ტაიმში “ლურჯ-ბროწეულისფრები” ზეწოლას აძლიერებდნენ, თუმცა მატჩში გარდატეხის შეტანის შანსი “სევილიამ” მიიღო – ოკამპოსის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი ტერ შტეგენმა აიღო.
თამაშის ბოლო დამატებულ წუთზე ჟერარ პიკემ თავური დარტყმით “ბარსელონა” გავარდნას გადაარჩინა, დამატებითი ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში კი ბრაითუეიტმა გუნდს ფინალის საგზური მოუტანა – 3:0.