“ბარსელონას” ფეხბურთელები ფიფას დაჯილდოების ცერემონიალს არ დაესწრებიან
კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები დღეს გასამართ ფიფას დაჯილდოების ცერმეონიალს არ დაესწრებიან.
მესი მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისათვის მებრძოლ სამ ფეხბურთელს შორის, კრიშტიანო რონალდუსთან და ანტუან გრიზმანთან ერთადაა. რაც შეეხებათ “ბარსელონას” დანარჩენ მოთამაშეებს, ნეიმარი, სუარესი და ინიესტა სიმბოლური ნაკრების 21 კანდიდატს შორის არიან.
კატალონიური კლუბის ოფიცილურ ვებ-გვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდა.
“ოთხშაბათს, ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩისათვის მზადება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ “ბარსელონამ” გადაწყვიტა, რომ კლუბის ფეხბურთელები დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც ციურიხში გაიმართება, არ დაესწრებიან. “ბარსელონა” ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მადლობას უხდის, თუმცა წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ციურიხში “ბარსას” პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი გაემგზავრებიან.
ცნობისთვის, დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.