ბარტონი: “შეცვალეთ ქალთა ფეხბურთი, თორემ ის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იქნება”
ეპატაჟური ბრიტანელი ფიგურა ჯოი ბარტონი, რომელიც დღესდღეობით ინგლისის ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონის ბინადარ “ფლითვუდ თაუნის” წვრთნის, აცხადებს, რომ ქალთა ფეხბურთი მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.
“ქალთა ფეხბურთი დღესდღეობით სპორტის სულ სხვა სახეობაა. ფეხბურთი ქალებისთვის ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური თვალსაზრისით უნდა ადაპტირდეს. კარისა და ბურთის ზომა უნდა შეიცვალოს. ეს უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რომ ქალთა ფეხბურთი მაყურებლისთვის მიმზიდველი გახედეს. თუ ქალები იმავე ზომის მოედანზე და იმავე ზომის ბურთით ითამაშებენ, როგორითაც კაცები თამაშობენ, ქალთა ფეხბურთი ყოველთვის მეორეხარისხოვან პროდუქტად დარჩება, ვინაიდან ქალები კაცებივით დიდები, სწრაფები და ძლიერები არ არიან.
თუ ქალთა ფეხბურთი ამ მხრივ შეიცვლება, ის ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით ბევრად წინ წავა. რეალისტები უნდა ვიყოთ. მამაკაცები ხუთი ზომის ბურთით თამაშობენ. თუ ქალები ოთხი ზომის ბურთით დაიწყებენ თამაშს, ამ ცვლილებას ბევრი შეამჩნევს? არა, მაგრამ გარანტიას გაძლევთ, რომ ქალებისთვის ფიზიკური თვალსაზრისით ბევრად იოლი იქნება, გადაცემების გაკეთებაც უფრო გაუადვილდებათ, ვინაიდან ბურთი უფრო პატარა ზომის და ფიზიოლოგიურად მათთვის უფრო შესაფერისი იქნება”, – აღნიშნა ჯოი ბარტონმა.