ბათუმელებთან მატჩის წინ
კვირას, 30 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები ბათუმის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” უმასპინძლებენ.
ბათუმელთა და ზესტაფონელთა დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლის 18 სექტემბერს იღებს სათავეს – “ზესტაფონისა” და ბათუმის “დინამოს” პირველ მატჩს ბათუმის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა და ის შეხვედრა სტუმართა განადგურებით 5-0 დასრულდა. საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ დღემდე ეს ერთადერთი შემთხვევა გახლავთ, როდესაც მარგველებმა აჭარლებთან დაპირისპირება დათმეს.
იმერული კლუბისათვის სადებიუტო სეზონის მეორე წრის შეხვედრა 2004 წლის 20 ნოემბერს ზესტაფონში შედგა და მასპინძელთა მცირე რევანშით დასრულდა – 2-1. გამარჯვებულთაგან გოლები გოჩა სულაკაძემ და დავით ჩიღვინაძემ გაიტანეს.
მორიგი მატჩი 2005 წლის 20 მარტს ბათუმში გაიმართა და უგოლოდ 0-0 დასრულდა (სხვათაშორის, სწორედ 0-0 გახლავთ იმერულ-აჭარული დუელების ისტორიაში ყველაზე “პოპულარული” ანგარიში, ასეთი ანგარიშით 5 საჩემპიონატო და ერთიც სათასო შეხვედრა დასრულდა). შემდეგ მატჩს, რომელიც 2005 წლის 18 მაისს შედგა, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ლანჩხუთმა უმასპინძლა – შეხვედრა იმერელთა უპირატესობით წარიმართა და ზაზა ზირაქიშვილის დუბლის წყალობით გამარჯვებაც სწორედ მათ მოიპოვეს – 2-0.
შემდეგი შეხვედრა უკვე საქართველოს XVII ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში შედგა. 2005 წლის 11 ნოემბერს მას ბათუმის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა და ის ფრედ 2-2 დასრულდა (იმერელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი გრიგოლ იმედაძემ და ზურაბ იონანიძემ გამოიჩინეს). მეორე წრის მატჩი 2006 წლის 22 აპრილს ზესტაფონში ჩატარდა და ფრედ 0-0 დასრულდა.
ასეთივე ანგარიშით დასრულდა XVIII ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში 2006 წლის 17 სექტემბერს ბათუმში ჩატარებული მატჩიც, სამაგიეროდ, 2007 წლის 7 აპრილს გამართულ დაპირისპირებაში ზესტაფონელთა უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა – 4-0. შალვა ღონღაძის და გოგი ფიფიას გოლებს ნიკა კვასხვაძემ (2-0; 4-0) დუბლი მოაყოლა.
ზუსტად ასეთი ანგარიშებით დასრულდა ბათუმურ-ზესტაფონური მატჩები მომდევნო სეზონშიც – 2007 წლის 24 ნოემბერს ზესტაფონელებმა აჭარელი სტუმრები 4-0 (გიორგი (პაჭელო) ჭელიძე, ჟონატას ოლივეირა ტორესი, გოგი ფიფია და ზურაბ იონანიძე) დაამარცხეს, ხოლო 2008 წლის 11 მაისს გამართულ მატჩში 0-0 დაფიქსირდა.
კიდევ ერთი უგოლო ფრე, მასპინძელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, იხილა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ 2012 წლის 2 სექტემბერს. ამ გუნდების ბოლო ოფიციალური შეხვედრა კი 2012 წლის 18 ნოემბერს შედგა და ისევ ფრედ 3-3 დასრულდა. იმერელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ალექს ბენაშვილმა, თორნიკე გორგიაშვილმა და ბერდია შარვაძემ გამოიჩინეს.
სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ეს გუნდები ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან 4-ში იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 1 კი მოიგეს ბათუმელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა 17:11 იმერელთა სასარგებლოდ.
FCZestafoni.GE