ბათუმი რიოს ქულებს გაათამაშებს
2–4 ოქტომბერს ბათუმი აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ერთ–ერთ ეტაპს უმასპინძლებს პლაჟის ფრენბურთში მამაკაცთა და ქალთა შორის. ეს ტურნირი უფრო იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიოს სარეიტინგო ქულებთან ერთად 2016 წლის რიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებიც დაითვლება.
ამის გამო, სოლიდურმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ქალთა შორის ბათუმს ეწვევა ევგენია უკოლოვასა და ეკატერინე ბირლოვას დუეტი. რუსები ევროპის საუკეთესო ფრენბურთელთა ათეულში შედიან. ვაჟთა შორისაც ტურნირის რეიტინგ–ლიდერები რუსები არიან. პირველ ნომრად ოლეგ სტოიანოვსკისა და არტიომ იარზუტკინის წყვილი იქნება განთესილი.
სულ ტურნირზე 7 ქვეყნის წარმომადგენლები იასპარეზებენ. ქართველთაგან ვაჟთა შორის სოსო ლობჟანიძისა და არტურ ავეტისოვის წყვილი გამოვა, ხოლო ქალთა შორის სვეტლანა სოსნოვსკაია და ელენე გაბროშვილი.
განაცხადი როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის 13–13 წყვილს აქვს შეტანილი. ამიტომ ერთი საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართება, შემდეგ კი 12 წყვილი 2 წაგებამდე ერთმანეთში გაარკვევს უძლიერესს.
ირაკლი ჩაჩუა, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
– ასეთი დიდი რანგის ტურნირს ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს. პირველად გასულ წელს ვუმასპინძლეთ. შარშანდელი ტურინირი ევროპის საერთაშორისო ფედერაციიდან შეფასებული იყო უმაღლესი ქულით. ტურნირი ბათუმის მერიასთან და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად ტარდება. საპრიზო ფონდი 3.000 ევროა, მაგრამ მთავარი უფრო ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებია. ჯერჯერობით, განაცხადი 13 წყვილს აქვს შეტანილი, თუმცა შესაძლებელია თითო ქართული დუეტი დაემატოს.
ტურნირის კარგად ორგანიზებისთვის ყველაფერი კეთდება, რადგან ევროპის ფედერაციიდან სპეციალური დამკვირვებლები იქნებიან და კარგად ჩატარების შემთხვევაში მომავალში ევროპაში რანგით მეორე ტურნირი, სატელიტი ტური ბათუმში ჩატარდეს. ეს 15–17 ოქტომბერს, ევროპის ფედერაციის კონგრესზე გადაწყდება.