ბათუმი – საოცარი ქალაქი საოცარი სტადიონით, სადაც კორონა არ არსებობს?!
დაახლოებით 1 კვირა გავატარე ბათუმში, საკმაოდ ბევრი ადგილი მოვიარე და ქუჩაში მაქსიმუმ 10 ადამიანი ვნახე ამ დროის განმავლობაში, რომელსაც პირბადე ეკეთა.
ძალიან რთულია რეგულაციების მოხსნის შემდეგ 35-40 გრადუსში ადამიანებს ღია სივრცეში პირბადის გაკეთება მოსთხოვო. სანაპიროზე და ბულვარში პირბადით ყოფნას სჯობს საერთოდ არ გახვიდე, მაგრამ ბათუმში პირბადეს ადგილობრივი დამსვენებელი/ტურისტი დიდწილად არც აფთიაქებში, სამარშუტო ტაქსებში, მაღაზიებში თუ ხალხმრავალ ადგილებზე იკეთებს.
“აქ მაგას არ ვიკეთებთ” – ასე მითხრა ტაქსის მძღოლმა ქალაქში ჩასვლისას და ერთადერთი ადგილი, სადაც რეალურად ამ კუთხით რამეს აკონტროლებდნენ, მატარებელი იყო, რომლითაც ვიმგზავრე.
15 ივლისს ბათუმის “დინამომ” “ტრე-პენე” მიიღო და ამჯერადაც დიდი ანგარიშით, 3-0 გაანადგურა. სტადიონზე 20 ათასი გულშემატკივარი ეტევა, რეგულაციების გამო სტადიონის ტევადობის მხოლოდ 50% უნდა შევსებულიყო, მაგრამ “ბათუმი არენას” აშკარად გაცილებით მეტი ფანი ესწრებოდა.
სამწუხაროდ, პრაქტიკულად ვერ ნახავდი ვინმეს, ვისაც პირბადე ეკეთა ან ცდილობდა სოციალური დისტანცია დაეცვა, რაც, პირველ რიგში, ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს და აჭარაში თბილისის შემდეგ გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
22 ივლისს “დინამო” ბელორუსულ “ბატეს” მასპინძლობს და 5-10 და 15 ლარიანი ბილეთები დარჩენილი აღარც არის. 10 000 ბილეთი დღის ბოლომდე გაიყიდება. ბევრი და ერთგული გულშემატკივარი ბათუმს არასდროს აკლდა.
როგორც 2 დღის წინ მოუწოდა გუნდმა გულშემატკივარს მოედანზე შევარდნისგან და პიროტექნიკისგან გამოყენებისგან თავი შეიკავოს, ისე უნდა მოხდეს მიმართვის გავრცელება და ადგილზე რეგულაციების სრული კონტროლი.
10 ათასი ადამიანის ერთ სივრცეში პირბადისა და სოციალური დისტანციის გარეშე ყოფნამ, შესაძლოა, დამანგრეველი შედეგი მოიტანოს.