ბათუმის “დინამო” თეიმურაზ შონიამ დატოვა
როგორც მოგეხენებათ, გუშინ ეროვნულ ლიგა 1-ის პლეი-ოფის შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონთან”, თერთმეტმეტრიანების სერიაში დათმო მომავალ სეზონში საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ აჭარელთა შემადგენლობა დატოვა გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ, ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს და თან შონიას მცირე კომენტარსაც აქვეყნებს: “4 სეზონი, 100-მდე მატჩი, ბევრი სიხარული და ხალხის დიდი სიყვარული. სასწაული ბიჭები, რომელთა გვერდითაც მომიწია თამაში და ამაყი ვარ, რომ ეს ბიჭები ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. ყველას დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა მწვრთნელებს, პერსონალს და უფროსობას ნდობისთვის. ყველაზე დიდი მადლობა ბათუმელ გულშემატკივარს, რომელიც მიუხედავად ცუდი სეზონისა ბოლომდე, ბოლომდე ჩვენს გვერდში იდგა. მადლობასთან ერთად, დიდი ბოდიში, რომ იმედები გაგიცრუეთ. “პირატებო”, თქვენ საუკეთესოები ხართ და იმსახურებთ უმაღლესში დაბრუნებას და ბევრ წარმატებას. მადლობა განვლილი ოთხი სეზონისთვის”, – აცხადებს თეიმურაზ შონია.
4 სეზონის განმავლობაში 27 წლის ნახევარმცველმა ბათუმელთა რიგებში 109 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლით გამოიჩინა თავი.