ბათუმის “დინამომ” “საბურთალო” ჯიღაურით და გაფრინდაშვილით დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-13 ტურში თბილისის “საბურთალომ” ბათუმის “დინამო” მიიღო და 0-1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. გაფრინდაშვილმა კონტრშეტევის შემდეგ ძალიან ტექნიკურად დაარტყა, კუპატაძემ მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე ჯიღაურმა თავით დაამატა. ჯიღას 7 გოლი დაუგროვდა და მხოლოდ მიკოლა კოვტალიუკს ჩამორჩება.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე გაფრინდაშილი იყო, რომელიც მოედანზე ვაგნერ გონსალვეშის დისკვალიფიკაციის გამო გამოჩნდა და “საბურთალოს” მცველებს ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა.
“დინამო” 26 ქულით გალიდერდა, “საბურთალოს” 12 ტურში 20 ქულა დარჩა. 20:30 წუთზე “დინამო თბილისი” “ლოკომოტივს” ეთამაშება. “დინამოს” 11 მატჩში 22 ქულა აქვს აღებული, “ლოკოს” 12-ში 19.
საბურთალო 0-1 დინამო ბათუმი
გოლი: ჯიღაური 51
საბურთალო: კუპატაძე – მალი, მარგველაშვილი, კაკუბავა, გრიგალაშვილი – ტერა (ცნობილაძე 75), ალთუნაშვილი, მაჭარაშვილი (გოჩოლეიშვილი 46) – გულიაშვილი, ბუმალი, ქავთარაძე (ჭანტურიშვილი 73)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე
დინამო: ლევჩენკო – მელიავა, კობახიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი (თევდორაძე 81) – ტეიდი, მანჯგალაძე, მამუჩაშვილი – ჯიღაური, ნიქაბაძე (ჩალაძე 68), გაფრინდაშვილი (გაგოშიზე 93)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე