ბათუმის “დინამოს” თბილისის “დინამოს” ფეხბურთელის დამატება სურს
ბათუმის “დინამოს” საჩემპიონო სეზონის შემდეგ მთავარი პრობლემის, ცენტრალური დაცვის გაძლიერება სურს და თბილისის “დინამოდან” დავით კობოურის დამატებას ეცდება.
კობოური ჯერ გიორგი ნემსაძის, შემდეგ კი ცხადაძის გეგმებში არ ჯდებოდა, ძირითადად სკამზე იჯდა და მხოლოდ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ისიც ბოლო წუთებზე.
კობოური უნივერსალი ფეხბურთელია, შეუძლია ცენტრალურ და მარცხენა მცველად თამაში, 2019 წლის სეზონში კი მარცხენა ნახევარმცველადაც თამაშობდა. დავითი თბილისური აკადემიის აღზრდილია და ირაკლი აზაროვი სწორედ მისი შემცვლელი იყო.
ბათუმში ოლექსანდრ აზაცკის შეცვლა უნდათ, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებდა და ნაკლებად სტაბილური იყო. შეიძლება, გუნდი გაგი მარგველაშვილმაც ან მალხაზ გაგოშიძემ დატოვოს.
თბილისის “დინამოდან” ბათუმის “დინამოში” ბოლოს აზაროვი, დავით ზურაბიანი და გიორგი ზარია გადავიდნენ.