ბათუმში სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება
4 ოქტომბერს, ბათუმში, ხიმშიაშვილისა და ორბელიანის ქუჩების გადაკვეთაზე სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელთან შონ ლეპენთან ერთად სასახლის საძირკველში კაფსულა ჩაუშვა.
დღესვე, მშენებლობის ადგილზე გაფორმდა ხელშეკრულება მშენებელ კომპანიასა და სამინისტროს შორის. ხლეშეკრულებას ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, “სპორტმშენსერვისის” დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა და კომპანია “ბეჰლემ ინდუსტრის” გენერალურმა დირექტორმა შონ ლეპენმა. (იხილეთ ფოტოგალერეა)
ბათუმში ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს, რეგიონში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას.
სასახლის დიდი დარბაზი 2 500, ხოლო პატარა დარბაზი 600 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს.
პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი” გაუძღვება. სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური