“ბაიერნმა” “ბენფიკა” მინიმალური უპირატესობით დაამარცხა (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” “ალიანც არენაზე” ლისაბონის “ბენფიკა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-2 წუთზე გავიდა, როდესაც ხუან ბერნატის ჩაწოდების შემდეგ თავით არტურო ვიდალმა ითამაშა. სტუმრებმა გონს მოსვლა მალევე მოახერხეს და თამაში მოედნის ცენტრში გადაიტანეს, ტაიმის ბოლოს კი რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა გოლის გარეშე.
შეხვედრის მეორე ნახევარში პორტუგალიელები აქტიური პრესინგის გამოყენებას ცდილობდნენ და რამდენჯერმე ხელსაყრელი შანსიც მიეცათ, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს. ბავარიელებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, ყველაზე კარგი შანსი კი რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდა, რომელმაც მეკარესთან პირისპირ ყოფნისას დარტყმის ნაცვლად ფილიპ ლამისთვის პასის გაკეთება არჩია, თუმცა პოლონელს გადაცემა არ გამოუვიდა.
წყვილის განმეორებითი მატჩი “და ლუჟზე” 13 აპრილს შედგება.
ჩემპიონთა ლიგა
მეოთხედფინალი (პირველი მატჩი)
“ბაიერნი” — “ბენფიკა” 1:0 (1:0)
“ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, კიმიხი (ხავი მარტინესი 60′), ალაბა, ხუან ბერნატი, ვიდალი, დუგლას კოსტა (კომანი 70′), მიულერი (გიოტცე 85′), ტიაგო ალკანტარა, რიბერი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
“ბენფიკა“: ედერსონ მორაესი, ანდრე ალმეიდა, ლინდელეფი, ჟარდელი, ელიზეუ, პიცი (სამარისი 90+1′), ფეისა, რენატო სანჩესი, გაიტანი, მიტროღლუ (ხიმენესი 70′), ჟონასი (სალვიო 83′).
მთავარი მწვრთნელი: რუი ვიტორია.
გოლი: ვიდალი 2′.
გაფრთხილებები: რიბერი 22′, ბერნატი 42′ — ჟონასი 58′, ლინდელეფი 62′.
მთავარი მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).