„ბითლზის“ მეხუთე წევრი
22 მაისს ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს 75 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით Fanebi.com-ი ბესტის განვლილი ცხოვრების შესახებ მოგითხრობთ. შეუძლებელია, ერთ პუბლიკაციაში ამ ფეხბურთელის ბიოგრაფიაზე დაწვრილებით ვისაუბროთ, ამიტომ დღეს მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს წარმოგიდგენთ.
ჯორჯ ბესტი 1946 წლის 22 მაისს კრეგაგში, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტის აღმოსავლეთ რაიონში დაიბადა.
ბესტი ფეხბურთით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. „ჯორჯი ბურთს არასდროს შორდებოდა“, – იხსენებს ბესტის დედა.
პატარა ჯორჯი საკუთარი სახლის ეზოში მუდამ ფეხბურთს თამაშობდა, კარად კი მამის ავტოფარეხს იყენებდა, ხშირად ბურთთან ერთად ეძინა კიდეც.
ბესტის პირველი კლუბი „კრეიგ ბოიზის“ საბავშვო გუნდი იყო. ჯორჯმა საკუთარი ტალანტის წარმოჩენა შესანიშნავად მოახერხა. 1957 წელს, 11 წლის ასაკში ბესტმა სკოლის გრანტი მოიგო და ქალაქის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა იქ სპორტის ერთადერთი სახეობა რაგბი გახლდათ, ბესტი კი ფეხბურთით იყო „მოწამლული“. საბოლოოდ, ჯორჯის მშობლები მიხვდნენ, რომ შვილი სხვა სკოლაში უნდა გადაეყვანათ. ბესტი ლისნაშარგის სკოლაში მოხვდა, სადაც ის ძველ მეგობრებს შეხვდა და ფოკუსირებაც ფეხბურთის თამაშზე გადაიტანა.
რამდენიმე წელიწადში ბესტით ბელფასტის „გლენტორანი“ დაინტერესდა, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის აყვანა მისი სიგამხდრის გამო გადაიფიქრა. რას წარმოიდგენდნენ მაშინ, რომ ასეთ გენიას დაკარგავდნენ?!
სამაგიეროდ, 1961 წელს ბესტი ინგლისში ჩადის და ვარჯიშს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკოლაში იწყებს.
1963 წელს, 17 წლის ასაკში ბესტმა სკოლაში სწავლას თავი მიანება და მშობლებს განუცხადა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომა სურს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლის და ინგლისიდან სამშობლოში ბრუნდება. მალე ჩრდილოეთ ირლანდიაში „მანჩესტერის“ თავკაცი მეთ ბასბი ჩადის და ბესტი ისევ გუნდში მიჰყავს. 1963 წლის 14 სექტემბერს, 17 წლის ასაკში ბესტს „მანჩესტერის“ რიგებში დებიუტი აქვს. იმ შეხვედრაში „იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ ანგარიშით 1:0 დამარცხა. პირველ სეზონში ბესტმა 26 ჩატარებულ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, „მანჩესტერი“ კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. „წითელ ეშმაკებს“ ოთხი ქულით აჯობა „ლივერპულმა“.
1964 წელს დებიუტი აქვს ჩრდ. ირლანდიის ნაკრებში.
1965 წელს „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონის პირველ ტიტულს იგებს.
1966 წელს იმ დროისთვის ევროპის უძლიერეს კლუბად მიჩნეულ „ბენფიკას“ „მანჩესტერი“ ანგარიშით 5:1 უგებს. პირველი ორი გოლი ბესტის ანგარიშზეა. ამ დროს პორტუგალიურ მედიაში ბესტს „ბითლზის“ მეხუთე წევრი შეარქვეს. ბესტმა თავისი ნიჭის წყალობით მოახერხა და ხალხისა და მედიის ფავორიტი გახდა. ამ უკანასკნელის გულის მოგება კი არცთუ ისე ადვილი საქმე იყო. ფეხბურთელის გრძელი თმა მის ექსტრავაგანტულობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ბესტი მოურჯულებელ, თავისუფალი სულის მატარებელ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ამიტომაც ბევრი მასთან კომპრომისზე მიდიოდა. ის ერთგვარი მსახიობიც იყო, კარგად იცოდა, რა სურდა პუბლიკას, იცოდა სკანდალის ფასიც, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამიტომაც იყო ასეთი ხმაურიანი.
1967 წელს ბესტი „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი მეორედ გახდა.
1968 წელს „მანჩესტერი“ პირველი ინგლისური კლუბი ხდება, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო. ამავე წელს ბესტი ინგლისისა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
60-იან წლებში ბესტმა ბიზნესმენობასაც მიჰყო ხელი და ქალაქ მანჩესტერში ორი ღამის კლუბი გახსნა. გარდა ამისა, ის ფლობდა რამდენიმე სამოდელო ბუტიკს, თუმცა ბესტს მხარზე სამი მაცდური ეშმაკი აჯდა: აზარტული თამაშები, ქალები და ალოკოჰოლი. „მანჩსტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მეთ ბასბის წასვლის შემდეგ ბესტი კიდევ უფრო უდისციპლინო გახდა, ხშირად ჰქონდა კონფლიქტი კლუბის ახალ ხელმძღვანელობასთან, რამაც ზეგავლენა მოახდინა „იუნაიტედის“ შედეგზეც. „წითელი ეშმაკები“ სუსტ მეტოქეებთან ხშირად აგებდა, გამარჯვებული სულის მქონე ბესტი კი მარცხს ძნელად ეგუებოდა.
ბესტი „იუნაიტედში“ თამაშობდა იმ პერიოდში, როცა ფეხბურთელებს ნომრებს სათამაშო პოზიციის მიხედვით აძლევდნენ. მარჯვენა ფლანგზე თამაშისას ლეგენდარულ ფეხბურთელს 7-ნომრიანი მაისური ემოსა, მოგვიანებით ის მარცხენა ფლანგზე გაამწესეს, სადაც 11-ნომრიანი ფორმა არგუნეს. იყო პერიოდი, როცა ბესტი 8 და 10-ნომრიანი მაისურებითაც ასპარეზობდა. ერთხელ კი, როცა ბობი ჩარლტონს ტრავმა ჰქონდა, მისი 9-ნომრიანი ფორმა ბესტმა მოირგო. იმ დღეს „მანჩესტერმა“ „შეფილდს უენსდეის“ ანგარიშით 1:0 მოუგო. იმ ერთადერთი გოლის ავტორი კი სწორედ ბესტი გახლდათ.
1970 წელს „ნორთჰემპტონის“ კარში ექვსი გოლი გაიტანა.
1971 წელს ჩრდ. ირლანდიის ნაკრების რიგებში კვიპროსს სამ გოლს უტანს და ნაკრებიდან მიდის, რადგან მას მოკვლით ემუქრებიან.
1972 წლის 26 მაისს ბესტი კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას აკეთებს.
1973 წელს ბრუნდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში და ორ თვეში მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გუნდიდან კვლავ მიდის. საბოლოოდ, ბესტმა „წითელი ეშმაკების“ რიგებში ჩატარებულ 470 მატჩში 179 გოლი გაიტანა.
1975 წელს თამაშს იწყებს „სტოკპორტში“, საიდანაც „ფულემში“ გადადის.
1978 წელს კარიერას ამერიკაში აგრძელებს, მაგრამ „ფულემი“ ფიფაში ჩივის და აცხადებს, რომ ბესტმა კლუბი დაუკითხავად დატოვა. ფიფა ბესტს მსოფლიო მასშტაბით დისკვალიფიკაციას აძლევს და ნებისმიერ დონეზე თამაშს უკრძალავს.
1979 წელს ფიფასგან თამაშის ნებართვას იღებს და შოტლანდიურ „ჰიბერნიანში“ გადადის.
1980 წელს კარიერას ისევ ამერიკულ ლიგაში აგრძელებს.
1984 წელს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო აპატიმრებენ. ბესტი ფეხბურთს არც ციხეში ყოფნის დროს ივიწყებდა და რამდენჯერმე პატიმრების გუნდის შემადგენლობაშიც კი ითამაშა.
1985 წელს კარიერას საბოლოოდ ასრულებს. საერთოდ, სათქმელია, რომ ბესტმა თავისი შესაძლებლობები სრულად მაინც ვერ აჩვენა და პირველ რიგში, ეს თავისივე ბრალია. ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელი ცხოვრობდა საკუთარ ნებაზე და არა ისე, როგორც ნამდვილი სპორტსმენი.
1990 წელს ერთ-ერთ შოუზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მთვრალი მივიდა და საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
1996 წელს სურვილი აქვს, ირლანდიის ნაკრები გაწვრთნას, მაგრამ უარს ეუბნებიან.
1998 წელს ბრიტანულ ტელევიზიაში მუშაობას ფეხბურთის ექსპერტის რანგში იწყებს.
2001 წელს გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებისგან თითქმის დაშლილ ღვიძლს ურთულესი ოპერაციის შედეგად იცვლის.
2003 წელს სასტუმროში ატეხილი ჩხუბის გამო ისევ აპატიმრებენ.
2004 წელს მართვის მოწმობას ორი წლით ართმევენ – ბესტი საჭეს ისევ ნასვამი მართავდა.
2005 წლის 1 ოქტომბერს საავადმყოფოში გრიპის ვირუსით წვება.
2005 წლის 15 ნოემბერს ექიმები აცხადებენ, რომ ბესტი უმძიმესი ავადმყოფია და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. 20 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა News Of The World–მა საავადმყოფოში მოთავსებული ბესტის სურათი მისივე თხოვნით გამოაქვეყნა. გაზეთმა ალკოჰოლიკებისთვის ლეგენდარული ბრიტანელის ბოლო რჩევა მსხვილი შრიფტით დაწერა: „ნუ მოკვდებით ისე, როგორც მე“.
2005 წლის 25 ნოემბერს ბესტის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მისი მკურნალი ექიმი აკეთებს.
2005 წლის 3 დეკემბერის წვიმიან დღეს, ბელფასტში ჯორჯ ბესტი დაასაფლავეს. უკანასკნელ გზაზე იგი 32 ათასმა ადამიანმა გააცილა და ერთი ამდენი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით უბრალოდ არ დაუშვეს.
2006 წლის 22 მაისს, როცა ბესტს 60 წელი უნდა შესრულებოდა, ბელფასტის აეროპორტს ამ ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი მიანიჭეს.
ქართველ ფეხბურთელთაგან ბესტის წინააღმდეგ მსოფლიო პირველობაზე რევაზ ძოძუაშვილს უთამაშია. ძოძუაშვილმა საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელის ორი მაისური ჩამოიტანა. ერთი მათგანი თბილისის მუზეუმს უსახსოვრა, მეორე კი – ქუთაისისას. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, თბილისის მუზეუმში არსებული ბესტის ფორმა 50 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და მისი კვალი დაიკარგა. მეორე ფორმა კი ახლაც ქუთაისის სპორტის მუზეუმში ინახება. ბევრია მისი ყიდვის მსურველი, მაგრამ ვინღა გაყიდის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის მაისურს?!