ბეჰდად სალიმი: “ძალოსნობაში სიბინძურეა, საზღვარგარეთ აღარ ვიასპარეზებ!”
ირანელმა ძალოსანმა, ბეჰდად სალიმიმ მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის საზღვარგარეთ ტურნირებზე ასპარეზობას აღარ აპირებს, რადგან ძალოსნობაში სიბინძურეა.
როგორც იცით, ახლახანს დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სალიმიმ ორჭიდში მესამე ადგილი დაიკავა, მეორეზე მისი თანამემამულე გავიდა, ხოლო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გახდა.
ასპარეზობის დროს, მსაჯებმა სალიმის ვიდეოგანხილვის შემდეგ ერთ-ერთი მისვლა არ ჩაუთვალეს. მსგავსი რამ რიოს ოლიმპიურ თამაშებზეც მოხდა. როგორც ჩანს, ამ ყოველივემ ირანელი ძალოსანი ძალიან გააბრაზა.
“ძალოსნობაში დიდი სიბინძურეა. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ასეთი რამ უკვე მეორედ ხდება და არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. რა თქმა უნდა, ახლა ირანში დავბრუნდები და ყველაფერზე ვიფიქრებ, მაგრამ ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემი გადაწყვეტილება ასეთია – ამიერიდან საზღვარგარეთ ტურნირებზე აღარ გამოვალ”, – ციტირებს სალიმის სიტყვებს tarafdari.com.