ბეჰდად სალიმი: “ტალახაძემაც მითხრა, რომ…”
ირანელმა ძალოსანმა, ბეჰდად სალიმიმ აშშ-ში გამართული მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მორიგი განცხადება გააკეთა.
როგორც იცით, სალიმიმ აკვრაში 252 კილოგრამი ასწია. თავდაპირველად, მსაჯებმა მას ეს მისვლა ჩაუთვალეს, თუმცა ვიდეოგანხილვის შემდეგ მისი მისვლა არ ჩაითვალა. 27 წლის სპორტსმენი ამბობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზეზი აქვს.
“ყველამ, მათ შორის ტალახაძემ და ალი ჰოსეინიმ მითხრეს, რომ ჩემი მისვლა უნდა ჩათვლილიყო. არ ვიცი, ვინ არის ჩემი მტერი. ზიანს არავის ვაყენებ. ის ფაქტი, რომ 252 კილოგრამის აწევა არ ჩამითვალეს, მხოლოდ მსაჯების შეცდომა არ არის. ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა და არა – სპორტული. ჩემთან კახიაშვილი მოვიდა, რომელმაც დამამშვიდა. გადაწყვეტილების ახლა მიღება არ მსურს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სპორტს სამუდამოდ ჩამოვშორდე”, – ციტირებს სალიმის სიტყვებს titreshahr.com.
შეგახსენებთ, რომ სალიმიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე მისი თანამემამულე გავიდა, ჩემპიონი კი ლაშა ტალახაძე გახდა.