ბეჰდად სალიმი: “ჩემი მთავარი კონკურენტი ისევ ლაშა ტალახაძეა”
ირანელმა ძალოსანმა, ბეჰდად სალიმიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე მისი მთავარი კონკურენტი ისევ ლაშა ტალახაძეა.
როგორც იცით, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე სალიმის მიზანი ოქროს მედლის მოპოვება იყო, თუმცა მაშინ ის აკვრაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ საპრიზო ადგილის გარეშე დარჩა.
სალიმიმ ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც მოახლოებულ ჩემპიონატსა და ლაშა ტალახაძეზე ისაუბრა.
“საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა და მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო სპორტსმენებით წარვსდგებით. ირანის ამჟამინდელ ნაკრებში ახალგაზრდა და გამოცდილი ძალოსნები არიან და ვფიქრობ, ტურნირზე წარმატებით ვიასპარეზებთ. 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ჩვენთვის წარმატებული არ ყოფილა, ახლა კი გვინდა, რომ უკეთესად გამოვიდეთ.
ჩემი მთავარი კონკურენტი ისევ ლაშა ტალახაძეა. რა თქმა უნდა, მასთან პაექრობა რთული იქნება. თუმცა, ჩემი მთავარი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა. მართალია, ბოლო დროს ოფიციალურ ტურნირებში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ.
რიოს ოლიმპიური თამაშებისათვის კარგად ვიყავი მომზადებული და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მედალს ვერ მოვიპოვებდი. იმედი მაქვს, აშშ-ში იგივე აღარ განმეორდება. ფსიქოლოგიურად მზად ვარ და ვფიქრობ, შემიძლია, რომ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცის წოდება ისევ მოვიპოვო”, – ციტირებს სალიმის სიტყვებს sarpoosh.com.
შეგახსენებთ, რომ ტალახაძე და სალიმი მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს დროით 6 დეკემბერს, გამთენიისას იასპარეზებენ.