ბეილი: “მე და ზიდანი საუკეთესო მეგობრები არ ვყოფილვართ”
მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, გარეტ ბეილმა გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიხსენა და ზინედინ ზიდანთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
უელსელი შემტევი აცხადებს, რომ მას ზიდანთან კიევში გამართული ფინალის შემდეგ არ უსაუბრია. როგორც იცით, “ლივერპულთან” მატჩში ბეილი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა, რის შემდეგაც დუბლი შეასრულა.
“კიევში გამართული მატჩიდან დღემდე მასთან საერთოდ არ მისაუბრია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ეს მხოლოდ ნორმალური, პროფესიონალური ურთიერთობა იყო”, – უთხრა ბეილმა FourFourTwo-ს.
29 წლის ფეხბურთელის თქმით, ის ძალიან გაბრაზდა, როცა ფინალში ზიდანმა სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა.
“ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ვფიქრობ, მატჩის დასაწყისიდანვე კარგად ვითამაშებდი. ლა ლიგის ბოლო ოთხ მატჩში ხუთი გოლი მქონდა გატანილი და ვგრძნობდი, რომ სასტარტო შემადგენლობაში ყოფნას ვიმსახურებდი”, – თქვა ბეილმა.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან ხუთ დღეში დატოვა.