ბელგია ნახევარფინალშია, ევროპელებმა ბრაზილიის ნაკრები დაამარცხეს (ვიდეო)
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე მატჩი “ყაზან არენაზე” გაიმართა, რომელშიც ბრაზილიისა და ბელგიის საფეხბურთო ნაკრებებმა ბრწყინვალე სპექტაკლი დადგეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრამ მოლოდინები გაამართლა.
აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ იღებდა ბრაზილიელთა ნახევარმცველი კაზემირო, რომელსაც ფერნანდინიო ცვლიდა. სწორედ ამ უკანასკნელის ცუდმა თამაშმა განაპირობა მეტწილად ბრაზილიელთა დიდი გასაჭირი შეხვედრის პირველ ნახევარში.
თამაში ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, თუმცა უფრო იღბლიანი ბელგიის ნაკრები აღმოჩნდა: მე-13 წუთზე ფერნანდინიომ ხელით შეაგდო ბურთი საკუთარ კარში. ბრაზილიელებმა ზეწოლა გააძლიერეს და მთელ დროს მეტოქის სტადიონზე ატარებდნენ. სწორედ ამ დროს გამორჩათ რომელუ ლუკაკუსა და კევინ დე ბრუინის ბრწყინვალე კონტრ-იერიში, რასაც “სიტის” “მხატვარის” დიდებული გასროლა მოჰყვა – 0:2.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე, თამაშში რობერტო ფირმინო ჩაერთო. “სელესაო” გაცილებით უფრო მწვავედ უტევდა, თუმცა ხან იღბალი აქცევდა ზურგს, ხანაც ტიბო კურტუა ამჟღავნებდა ბრწყინვალე კლასს. შეცვლაზე შემოსულმა დუგლას კოშტამ არაერთი ბრწყინვალე მომენტი შექმნა, რენატო ავგუსტომ კი 76-ე წუთზე გოლის გატანაც კი შეძლო. ბრაზილიელთა მომდევნო შეტევები ბელგიელებმა დამაჯერებლად მოიგერიეს და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშიც გავიდნენ – სადაც მათი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.
მსოფლიოს ჩემპიონატი
მეოთხედფინალი
ბრაზილია — ბელგია 1:2 (0:2)
გოლები: რენატო ავგუსტო 76′ – ფერნანდინიო (ავტოგოლი 13′); დე ბრუინი 31′