ბენიტესი: „ბორუსია“ ექსტრაკლასის გუნდია“
დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. დიდ ინტერესს იწვევს დორტმუნდის „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის გასამართი შეხვედრა. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ექსტრაკლასის მეტოქე გვყავს. „ბორუსიას“ ვაფასებთ. ასეთი სიტყვები ამ გუნდმა წინა სეზონში ევროთასებზე ნაჩვენები თამაშის გამო დაიმსახურა. დამდეგი მატჩი იქნება იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად ვითარდება ჩემი გუნდი.
ყველა პოზიციაზე თავი კარგად უნდა წარმოვაჩინოთ. ნახევარმცველებისგან ველი, რომ მცველებს დაეხმარებიან. შეტევის დროს კი, მცველები შეეშველებიან თავდამსხმელებს. ჩემი გუნდისგან ერთიან მუშაობას ველი“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ნეაპოლელებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩი „ბორუსიასა“ და „ნაპოლის“ შორის ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ბექა დოგრაშვილი