ბენიტესი: “პატივისცემის მიუხედავად, “ლივერპულთან” დათმობაზე არ წავალ”
პრემიერ ლიგის 2018/19 წლების სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მეორეადგილოსან “ლივერპულს”, რომელსაც “ნიუკასლის” წინააღმდეგ უწევს თამაში, ერთი ქულა აშორებს პირველადგილოსან “მანჩესტერ სიტიმდე”. “ნიუკასლის” თავკაცი რაფა ბენიტესი კი უარს ამბობს მათთვის რაიმე სახის დახმარების გაწევაზე.
“ვფიქრობ, ყველაფერი გარკვევით განვმარტე – მე პროფესიონალი ვარ და ჩვენ გუნდს კონკრეტული მიზანი აქვს. “ლივერპულისადმი” პატივისცემის მიუხედავად დათმობაზე წასვლას არ ვაპირებ.
“ლივერპულში” ექვსი წლის მანძილზე ვმუშაობდი და ტიტულებიც მოვიგე. მათთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. ამის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს და მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ.
იმედი მაქვს, რომ ყველას ესმის, თუ რას ვგულისხმობ. ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ იურგენ კლოპიც ამავე პოზიციას იზიარებს. ჩვენ 52 000 გულშემატკივრისთვის უნდა ვიბრძოლოთ,” – აცხადებს ბენიტესი.