ბენზემამ ტიერი ანრის რეკორდი დაამხო
ლა ლიგის მე-15 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ კედლებში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “სევილიასთან” (2:1). შესაბამისად, კარლო ანჩელოტის გუნდი ამ დროისთვის ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას ინარჩუნებს.
შეხვედრაში ანგარიში რაფა მირის გოლმა გახსნა, რასაც კარიმ ბენზემამ უპასუხა. გამარჯვების გოლი კი ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა ბრწყინვალე დარტყმით. მიმდინარე სეზონში ეს ბენზემას მე-16, ხოლო ვინისიუსის მე-11 გოლია.
კარიმ ბენზემას მიერ გატანილი გოლი რიგით 361-ე გახლდათ საკლუბო დონეზე, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ. აქამდე ფრანგ ფეხბურთელბს შორის საკლუბო დონეზე ყველაზე მეტი გოლი ტიერი ანრის ჰქონდა გატანილი (360).
ბენზემას მადრიდის “რეალში” 577 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ პერიოდში 295 გოლი აქვს გატანილი. მადრიდში გადაბარგებამდე კი ის “ლიონის” ღირსებას იცავდა, სადაც 148 მატჩი ჩაატარა და 66 გოლი გაიტანა.