ბექა გოცირიძე: “უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სავარჯიშოდაც კი არ მიმიღო”
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშის კარიერა უბედური შემთხვევის გამო სასურველი გზით არ წარიამრთა. ბექა გოცირიძეს ავტოავარიის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნების მცდელობა კი ჰქონდა, თუმცა მაშინ არაფერი არ გამოვიდა. 25 წლის ფეხბურთელს დღის წინ დავუკავშირდით და სასიხარულო ამბავიც გავიგეთ. გოცირიძე კვლავ აპირებს მოედანზე გასვლას.
– შენი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი „დნიპროში“ გადასვლა იყო. როგორ გაიხსენებდი იმ პერიოდს?
– უკრაინაში ყვეალფერი კარგად იწყებოდა, მაგრამ ავარიის შემდეგ მდგომარეობა ამერია. ერთი წელი უვარჯიშებელი ვიყავი და დუბლშემადგენლობაში გადამიყვანეს. გულახდილად რომ გითხრათ, ამის გამო მოტივაცია დამეკარგა.
– ეროვნული ნაკრებში რამდენიმე მწვრთნელთან გაქვს ნამუშევარი. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრები კუპერის მწვრთნელობის დროს ჩაატარე. როგორ დაახასიათებდი მისი ფორმაციის ნაკრებს?
– კუპერის დროს ძალიან გვაკრიტიკებდნენ. არადა ნაკრები ვერც დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ სამწუხაროდ ხმას არავინ იღებს.
– „დნიპროში“ ყოფნის დროს საუბარი იყო შენს მიმართ თბილისის „დინამოს“ ინტერესის შესახებ…
– „დინამოსთან“ უბრალოდ ვერ შევთანხმდით და „დნიპროში“ მომიწია დაბრუნება.
– ავტოავარიის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნების მცდელობა გორის „დილაში“ გქონდა. რამ შეგიშალა ხელი?
– „დილაში“ მწვრთნელის ნდობას ვერ ვგრძნობდი, თუმცა მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ძველი ფორმის დაბრუნება ვერ მოვახერხე.
ერთი სამწუხარო ფაქტიც მინდა ავღნიშნო. ასეა თუ ისე გარკვეულ დონეზე ფეხბურთი მითამაშია, მაგრამ სამწუხაროდ უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდმა სავარჯიშოდაც კი არ მიმიღო. საუბარი უბრალოდ ვარჯიშზე იყო, მე მათგან ფინანსურ ანაზღაურებას არ ვითხოვდი. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ფუტსალში ვცადო ბედი, „გრანდში“ ვითამაშებ. მინდა მადლობა გადავუხადო ამ კლუბის სპორტულ დირექტორს გიროგი შანიძეს, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია.
-ფუტსალიდან ფეხბურთში წარმატებულად დაბრუნების რამდენიმე მაგალითი არსებობს. მომავალში დიდ მოედანს ხომ არ დაუბრუნდები?
-ამის სურვილი რა თქმა უნდა მაქვს, თუმცა უმაღლესი ლიგა რთული სათამაშოა და ვნახოთ რა გამოვა. მიმდინარე სეზონში ბოლნისის „სიონის“ თამაშებს ვეწრები ხშირად, სადაც თოთაძეს და განუგრავას გამოვარჩევდი. ჩემპიონატში რამდენიმე კარგი გუნდია.
-უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე რას ფიქრობ?
-იდეას მივესალმები. ეს პროექტი რაიონებში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.