ბექა ქურდაძე: “იმედია ქართული ფეხბურთი აღორძინდება და აქედან წასვლა არავის დასჭირდება”
17 წლის ბექა ქურდაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარეა. ახალგაზრდა მოთამაშე 19-წლამდე ნაკრების მნიშნველოვანი ფიგურაა. ბექას გუშინ დავუკავშირდით და საუბარი ფეხბურთში მისი პირველი ნაბიჯებით დავიწყეთ.
– ფეხბურთი ბაბუამ, ბაჩანა ქურდაძემ შემაყვარა, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო. მისი დაჟინებული თხოვნით შევედი ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “მემორიალში”, სადაც ფეხბურთით საბოლოოდ ჩემმა პირველმა გამზრდელმა და მწვრთნელმა მერაბ სილაგაძემ “დამაავადა”, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.
13 წლის ასაკში 14-წლამდელთა ნაკრებში მოვხვდი. ბატონ ნოდარ აკობიამ საკუთარი თავის რწმენა შემმატა და თავდაუზოგავი ჟინით ამავსო. ნაკრების შემადგენლობაში შვედეთში გასამართ ტურნირზე გავემგზავრეთ, საიდანაც ოქროს მედლებით დავბრუნდით.
– შემდეგ “საბურთალოში” მოხვდი…
– “საბურთალოში” 2010 წლიდან ვირიცხები. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლიერებას გამოვხატავ ამ კლუბისადმი. როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად ძალიან მეხმარება ბატონ ლევან ჭულუხაძისა და ბატონ დავით დუიშვილის ერთობლივი სამწვრთნელო ტაქტიკა. დავით დუიშვილის რჩევები და გამხნევება უდიდეს ენერგიას მმატებს, განსაკუთრებით წაგების მომენტებში, რაც სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში ელიტ-რაუდნზე მოგიწია თამაში. როგორ შეაფასებდი ამ ტურნირს?
– საკმაოდ მაღალი დონის, კარგად ორგანიზებული ტურნირი იყო, სადაც მაღალი კლასის ნაკრებები ასპარეზობდნენ. მასში მონაწილეობა ჩვენთვის კარგი გამოცდილება იყო.
პირადად ჩემთვისაც განსაკუთრებული ტურნირი იყო, რაადგან 2 წლით უფროსებთან ვითამაშე, რის გამოც უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ ვასილ მაისურაძეს და ბატონ თემურ ჩარკვიანს.