ბექა ქურდაძე: “იტალიასთან მატჩი სასარგებლო იყო”
25 თებერვალს, იტალიის ქალაქ ჯენზანოში იტალიისა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრებებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. შეხვედრის შეფასება საქართველოს U 19-ის მეკარეს, ბექა ქურდაძეს სთხოვა.
– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დაგვხვდა და თამაშიც ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. თუმცა, საბრძოლო განწყობით გავედით და შრომითა და მონდომებით კარგი შედეგი ვაჩვენეთ. იტალიასთან თამაში ბევრ გუნდს უჭირს. საბოლოოდ თანაბარი თამაში გამოვიდა და ბიჭებს მადლობას ვუხდი.
– იტალიასთან სპარინგი ნებისმიერი გუნდს წაადგება და გამონაკლისი არც საქართველოა, მაგრამ ასეთ პირობებში თამაში რამდენად სასარგებლო იყო?
– თამაში მაინც სასარგებლო იყო. თუნდაც იმ მხრივ, რომ საკუთარ თავში რწმენა მოგვემატა. დავრწმუნდით, რომ თამაში ყველა გუნდთან შეიძლება და დაუმარცხებელი არავინაა. ბრძოლით ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი.
– ბოლოს საკლუბო ამბებზეც გკითხავ… “საბურთალოს” უმაღლესში გადასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს…
– გუნდში ერთსულოვნებაა და მთავარი მიზანიც სწორედ უმაღლესის საგზურის მოპოვებაა. 12 ქულიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. უფრო უნდა მოვუმატოთ და უმაღლეს ლიგაში ღირსეულად დავწინაურდეთ, რაშიც მე დარწმუნებული ვარ.