“ბეტმენი” “ვალენსიას” დაუპირისპირდა – დავის საგანი ღამურას ლოგოტიპია
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული გამოცემა DC Comics ესპანურ ფეხბურთს დაუპირისპირდა. დავის საგანი კი “ვალენსიას” ახალი ლოგოტიპი გახლავთ.
როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის წარმოშობილი დაპირისპირების მიზეზი “ვალენსიას” მიერ კლუბის დაარსების ასი წლის იუბილისთვის შექმნილი ახალი ლოგო გახლავთ, რომელიც DC-ს ცნობით მათ მიერ შექმნილი “ბეტმენის” საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი ინფორმაციისთვის მოგახსენებთ, რომ ღამურა ოდითგანვე ამშვენებდა “ვალენსიას” გერბს, რომელიც 1919 წელს შეიქმნა. “ბეტმენის” ლოგო კი პირველად 1939 წელს გამოჩნდა.
გარდა იმისა, რომ “ვალენსიამ” ღამურა ოცი წლით ადრე გამოიყენა, ყველასათვის ცნობილია, რომ ვალენსიას რეგიონი, კატალონია და ბალეარის კუნძულები მე-13 საუკუნიდან მოყოლებული ღამურებთან ასოცირდებოდნენ.
მიუხედავად ამ ფაქტებისა, ამერიკული კომპანია მაინც გეგმავს საქმის ევროპის ინტელექტუალური საკუთრებების ოფისისთვის გადაცემას, რომელიც საქმეს დეტალურად გამოიკვლევს და განაჩენს 1-2 თვის ვადაში გამოიტანს.