ბიძინა ბარათაშვილი: “დინამოს” გენერალური დირექტორობა? ეს ინფორმაცია…”
ბოლო დღეებია პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ბიძინა ბარათაშვილი თბილისის “დინამოს” გენერალურ დირექტორად ინიშნება. ამ ხმებს ბატონმა ბიძინამ ოფიციალური განცხადებით უპასუხა.
“ძვირფასო მეგობრებო
2 დღეა ინტერნეტ სივრცეში და ახლა უკვე პრესაშიც ვრცელდება ინფორმაცია ჩემი თბილისის “დინამოს” გენერალურ დირექტორად სავარაუდო დანიშვნის შესახებ. ბევრმა თქვენთაგანმა პირადადაც კი მომილოცა ახალი სამსახური.
დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. მთელი აგვისტო მე ჯერ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გავატარე, შემდგომ კი არგენტინასა და ურუგვაიში გახლდით კერძო საქმიანი ვიზიტით. თბილისში 26 აგვისტოს დავბრუნდი 72-საათიანი უწყვეტი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ…
ამ ხნის მანძილზე არანაირი კონტაქტი არ მქონია თბილისის “დინამოს” მფლობელ ბატონ რომან ფიფიასთან, რომელთანაც წლებია თბილი, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და არც კლუბის სხვა ოფიციალურ პირებთან მისაუბრია.
ვერ გეტყვით საიდან გაჩნდა ამგვარი ინფორმაცია, რადგან მე არც ჩემი კოლეგებიდან შემხმიანებია ვინმე დეტალების გასარკვევად!
აქამდე ტელეფონით ვპასუხობდი დაინტერესებულთა კითხვებს, მაგრამ დღეს უკვე “ლელოშიც” დაიბეჭდა ცნობა და გადავწყვიტე საჯარო განხცადების გაკეთება.
ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო და იქნება თბილისის “დინამოს” ცხოვრებაში ჩართულობა, მაგრამ სადღეისოდ მე უკვე მეშვიდე წელია “სილკ TV-ს” 7 არხის გენერალურ პროდუსერად ვმუშაობ და პარალელურად საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებ.
ასე რომ, ამ ეტაპზე ახალ სამსახურს არც ვეძებ და არც ამ საკითხზე რაიმე მოლაპარაკებაში არ ვარ ჩაბმული!”