ბილიჩი: “მანჩესტერ სიტი” კლუბში ჩემ მისაწვევად ნასრის, კომპანისა და იაია ტურეს გაყიდის”
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურქული “ბეშიქთაშის” თავკაცის, სლავენ ბილიჩის კანდიდატურას განიხილავს. ჟურნალისტებმა ფეხბურთის ხორვატ სპეციალისტს ამის შესახებ ჰკითხეს, რასაც ბილიჩმა იუმორნარევი პასუხი გასცა.
“დიახ, გიდასტურებთ, რომ “მანჩესტერ სიტისგან” შემოთავაზება მივიღე და ინგლისელებმა ისიც მითხრეს, რომ კლუბში ჩემ მისაწვევად ნასრის, კომპანისა და იაია ტურეს გაყიდიან.
სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არავითარი წინადადება არ ყოფილა. ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ “ბეშიქთაშს” უკავშირდება”, – ბილიჩის სიტყვები Goal.com-ზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. “ბეშიქთაში” “ენფილდზე” “ლივერპულს” ესტუმრება. მატჩი ღამის 00:05 საათზე დაიწყება და მას შიმონ მარჩინიაკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. განმეორებითი შეხვედრა სტამბულში, 26 თებერვალს შედგება.