ბიზნესი პორტუგალიურად — როგორ არსებობს „ბენფიკა“
პორტუგალიური „ბენფიკა“ წამყვანი ევროპული კლუბებისთვის ერთგვარ დისტრიბუტორად ჩამოყალიბდა. აქამდე ეს ფუნქცია „პორტუს“ ჰქონდა მორგებული, თუმცა „არწივებმა“ ბოლო პერიოდში მართლაც გამოიჩინეს თავი კარგი სატრანსფერო პოლიტიკით. ხუმრობა ხომ არ არის, უკანასკნელ თვეში „ბენფიკამ“ ტრანსფერების მეშვეობით თითქმის 100 მილიონი ევრო იშოვა.
ევროპაში პორტუგალიურმა კლუბებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ იყიდონ იაფად ფეხბურთელი და რამდენიმე წლის შემდეგ ტოპკლუბში ძვირად გაყიდონ. რამდენიმე წლის წინათ ასეთ ტრანსფერებში „პორტუს“ ბადალი არ ჰყავდა. დღესდღეობით „ბენფიკას“ ფეხბურთელები იმდენად პოპულარულები არიან, რომ ივლისის შუა პერიოდში გუნდი სასტარტო შემადგენლობის ერთბაშად ხუთი ფეხბურთელის გარეშე დარჩა. დიდი ალბათობით, აგვისტოს ბოლომდე „ბენფიკას“ კიდევ ორი ფეხბურთელი დატოვებს. ასაკის გამო, სხვა კლუბთა მიერ დაინტერესება არ „ემუქრებათ“ მხოლოდ ლიმას, ლუიზაოსა და მაქსი პერეირას.
საინტერესო კითხვაა, თუ რატომ მიდიან ახალგაზრდა ფეხბურთელები „ბენფიკაში“?! ნიჭიერი მოთამაშეებისთვის ლისაბონური კლუბი ერთგვარ ტრამპლინად ჩამოყალიბდა. „ბენფიკას“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ ფეხბურთელები ევროპის საუკეთესო კლუბებში გაყიდონ. მაგალითად ისეთი მოთამაშეების დასახელებაც ღირს, როგორებიც არიან რამირესი, დავიდ ლუისი და ფაბიო კოენტრაუ, რომლებიც „ჩელსიში“ და „რეალში“ გაიყიდნენ. ეს ნებისმიერი მოლაპარაკების დროს „ბენფიკას“ მთავარი კოზირი გახლავთ. ამიტომაც, ახალგაზრდა მოთამაშეები სიამოვნებით მიდიან პორტუგალიურ კლუბში.
„ბენფიკა“ თავის ფეხბურთელებს ტრანსფერზე არ აყენებს, მყიდველი თავად გამოდის კონტაქტზე. ბუნებრივია, ასეთი სქემა პორტუგალიური კლუბისთვის უფრო მომგებიანია. „ბენფიკა“, „პორტუ“ და „სპორტინგი“ ყველაზე ადვილად ქმნიან უცნობი ფეხბურთელებისგან ნამდვილ ვარსკვლავებს. მაგალითად, „ბენფიკას“ სკაუტები უკანასკნელ სეზონში დიდ ყურადღებას უთმობდნენ სერბ მოთამაშეთა ბაზარს. ყველაზე კარგ საილუსტრაციო მაგალითად „პარტიზანის“ 19 წლის მოთამაშე ლაზარ მარკოვიჩი გამოგვადგება. ლისაბონელებმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს, თითქოს მათ სატრანსფერო პოლიტიკაში მარკოვიჩი არც ეწერებოდა, თუმცა ერთ წელიწადში სერბ ფეხბურთელს ლეო მესის მემკვიდრედ თვლიდნენ და „ლივერპულმა“ მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროც გაიღო.
„წელს უფრო მეტმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, ვიდრე ჩვეულებისამებრ ხდება ხოლმე, თუმცა ასეთ თანხად გაყიდვა წარმატებაა. დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბები სულ უფრო მეტად ინტერსედებიან ჩვენი მოთამაშეებით“, – ამბობს „ბენფიკას“ თავკაცი ჟორჟე ჟეზუში.
კიდევ ერთი საინტერესო კითხვაა, თუ რატომ არ იტოვებს „ბენფიკა“ ამ ფეხბურთელებს თავისთვის?! ასე ხომ წარმატების მეტი შანსი იქნება?! თუმცა, ლისაბონელებს წარმატება არც ახლა აკლიათ. რამდენიმე თვეში აწყობილი გუნდით ჟეზუშმა არამხოლოდ პორტუგალიის ჩემპიონატი, არამედ ქვეყნის ორი სხვადასხვა თასი მოიგო, გავიდა ევროპის ლიგის ფინალშიც, სადაც „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა. რატომ ელევა კლუბი ასე ადვილად ლიდერებს? საქმე იმაში გახლავთ, რომ პორტუგალიური კლუბები მხოლოდ ევროსარბიელიდან და ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლებით არსებობენ. მცირე თანხას იღებენ სატელევიზიო ტრანსლაციების და მარკეტინგის ხარჯზე. „ბენფიკაში“ ყველაზე მაღალი ხელფასი გუნდის თავკაც ჟორჟე ჟეზუშს აქვს, რომელიც წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ფეხბურთელთა მაქსიმალური ჯამაგირი ერთნახევარი მილიონი ევროა.
ფეხბურთელი | რამდენად იყიდა „ბენფიკამ“ | რამდენად გაყიდა „ბენფიკამ“ | სად გადავიდა |
როდრიგო | 6 მლ ევრო | 30 მლნ ევრო | „ვალენსია“ |
მარკოვიჩი | 10 მლ ევრო | 25 მლ ევრო | „ლივერპული“ |
ობლაკი | 3,9 მლ ევრო | 16 მლ ევრო | „ატლეტიკო“ |
გომეში | – | 15 მლ ევრო | „ვალენსია“ |
გარაი | 5,5 მლ ევრო | 6 მლ ევრო | „ზენიტი“ |
მიტროვიჩი | 1,1 მლ ევრო | 1,8 მლ ევრო | „ფრაიბურგი“ |