ბლანი: „პსჟ-ს ოსტატობა დააკლდა“
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა „ბარსელონასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
„იმედგაცრუებულები ვართ. გვესმოდა, რომ რთული მატჩი გვექნებოდა, თუმცა ოსტატობა, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში დაგვაკლდა. შექმნილი საგოლე მომენტებიდან გამომდინარე, ანგარიში, შესაძლოა, 2:2 გამხდარიყო.
უნდა გაგვერისკა, ამიტომაც თამაში ოთხი თავდამსხმელით დავასრულეთ. კარგი შედეგის მიღწევა გვსურდა. შეგვეძლო, ანგარიში 2:0 გაგვეხადა. დიდებული ფეხბურთელები კარგ მომენტს ყოველთვის გოლად, ზოგჯერ კი, შედევრადაც აქცევენ. ანგარიშის გათანაბრებას ვცდილობდით, მაგრამ 1:3 წავაგეთ.
კონტრშეტევებზე თამაშს ვაპირებდით. ვთვლი, რომ პირველ ტაიმში „ბარსელონაზე“ მეტი მომენტი შევქმენით, რითაც მასპინძლებს პრობლემები შევუქმენით. ცენტრში საკმაოდ კარგად ვიბრძოდით. რაღაც დაგვაკლდა, დაცვაშიც იდეალურად ვერ ვითამაშეთ.
წინ სხვა რომელიმე ჯგუფის გამარჯვებულთან ორი მატჩი გველის. ვიმედოვნებდი, რომ 1/8 ფინალში პირველი ადგილიდან გავიდოდით, თუმცა ეს ვერ გამოგვივიდა. ახლა კენჭისყრას დაველოდებით“, – განაცხადა ბლანმა.