ბლანმა ბერბატოვი იბრაჰიმოვიჩს შეადარა
საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი დღეს შედგება: “მონაკო” “პარი სენ-ჟერმენს” მიიღებს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “მონაკოს” თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის შესახებ ისაუბრა და ბულგარელი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა.
“ბერბატოვი “მონაკოსთვის” ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის მეტად ტექნიკურია, შეუძლია პოზიციის შერჩევა და გუნდის შემოქმედებით თამაშში ჩართულია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც თავისი მოქმედებებით თანაგუნდელებს ამშვიდებს. ბერბატოვი ბურთით გონივრულად თამაშობს და ძალზედ იშვიათად კარგავს მას. ის ისეთივე მნიშვნელოვანია “მონაკოსთვის”, როგორც იბრაჰიმოვიჩი ჩვენთვის”, – ბლანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.
მატჩი “მონაკოსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.