ბლატერს ფიფას პრეზიდენტად გახდომა მეხუთედ სურს
ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს, როგორც ჩანს, პოსტთან შელევა ძალიან უჭირს. „ფოქს სპორტი“ წერს, რომ ბლატერი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს 209 წევრ ქვეყანას ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მეხუთედ არჩევას სთხოვს.
აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის შესაძლო წამოყენების შესახებ დასმულ კითხვას ბლატერმა ასე უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ეს გამეკეთევნა. ჩემს მანდატს ვადა ეწურება, თუმცა ჩემი მისია ჯერ არ დასრულებულა“.
ფიფას პრეზიდენტად არჩევისთვის რამდენჯერმე ასაკობრივი ცენზის შემოღების საკითხიც დაისვა, თუმცა 78 წლის ბლატერი ამბობს, რომ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის მხრიდან ასეთი ქმედება დისკრიმინაციული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე მან ჟოაო აველანჟი შეცვალა. მან დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში უეფას მაშინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ხმა დაირხა, ბლატერმა ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა და ასე გახდა ფიფას ხელმძღვანელიო. მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ არაერთი სკანდალი უკავშირდება და ბევრგან აითვალწუნეს კიდეც, განსაკუთრებით კი – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. რაც არ უნდა იყოს, ბლატერი იხტიბარს არ იტეხს, თავის მოღვაწეობას დადებითად აფასებს და არც საპრეზიდენტო სავარძლის დათმობის სურვილი აქვს. ცნობისთვის, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინიც აპირებს, რომელიც ამ დრომდე ყველაზე რეალურ კანდიდატად გვევლინება.
აქვე გეტყვით, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წლის მაისში გაიმართება.