ბლიცინტერვიუ სტივენ ჯერარდთან
ბრიტანულმა “დეილი მეილმა” “ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველ სტივენ ჯერარდთან ბლიცინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
— რას შეცვლიდით საკუთარ თავში?
— ჩემს თმას.
— რა არის თქვენი დევიზი?
— ფეხბურთისგან იღებ იმას, რაც მასში ჩადე.
— რომელ ხუთ ადამიანთან ერთად ისურვებდით ვახშმობას?
— ჟოზე მოურინიო, სერ ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი, რაფა ბენიტესი და ჯეიმი კარაგერი.
— როგორი გინდა, რომ დაგიმახსოვრონ?
— პატიოსანი და ერთგული ადამიანი, რომელმაც გასცა ყველაფერი, რაც ჰქონდა.
— ოჯახის გარდა, რა ქონებაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
— მედლები, რომლებიც კარიერის განმავლობაში მოვიპოვე.
— რომელი იყო თქვენი პირველი ავტომობილი და რა ღირდა ის?
— Nissan Bluebird, რომლის ფასიც 600 ფუნტი უნდა ყოფილიყო.
— რომელი სერიალის ყურებას გვირჩევდით?
— “ანტურაჟი”.
— რას ფიქრობთ სოციალურ მედიაზე?
— მშვენიერია, თუ სწორად იყენებ. თუ ამით ხალხს არ ხოცავ.
— ერთი დღით სხვა რომელიმე სპორტსმენად ყოფნა რომ შეგეძლოთ, ვინ იქნებოდით?
— ჯორდან სპითი. მიყვარს გოლფის ყურება, თუმცა თავად მე საშუალო დონეზე ვთამაშობ.
— ვის თვლით სპორტის ყველაზე დიდ ლეგენდად?
— ტაიგერ ვუდსს.
— დაახასიათეთ “ლოს ანჯელეს გალაქსი” სამი სიტყვით.
— ძალიან, ძალიან მაგარი.
— ერთი კითხვის დასმა რომ შეგეძლოთ რომელიმე სპორტსმენისთვის, ვის რას ჰკითხავდით?
— ალექს ფერგიუსონს ვკითხავდი, მართლა საშუალო დონის მოთამაშედ მთვლის? (ფერგიუსონმა ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ ჯერარდს უმაღლესი დონის ფეხბურთელად არ თვლის, თუმცა მასთან კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდა – ავტ.)
— საყვარელი სუპერგმირი?
— სუპერმენი.
— სიძლიერის მიხედვით გაანაწილეთ ეს ხუთი ნახევარმცველი: ჯერარდი, როი კინი, ლამპარდი, სქოულზი, ვიეირა.
— კინი პირველი ნომერია. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი სრულიად განსხვავებულნი არიან. ლამპარდი გოლების გამტანი ნახევარმცველია, სქოულზი საუკეთესო ფეხბურთელია, ვიეირა ყველაზე რთული მეტოქეა… მიყვარდა მათ წინააღმდეგ თამაში.
— შეაფასეთ თქვენი ცხოვრება 10-ბალიანი სისტემით.
— ამ დროისთვის ჩემს ცხოვრებას 10 ქულაზე შევაფასებ. “ლივერპულის” დატოვება მეტად ემოციური მომენტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდული გუნდის კაპიტანი აღარ ვარ, 35 წლის ასაკში ვიხედები უკან და ჩემი კარიერით ვამაყობ. ჩემი ოჯახი ბედნიერია, ვცხოვრობ მაგარ ქალაქში, ვთამაშობ კონკურენტულ ჩემპიონატში და ყოველ კვირას მოუთმენლად ველი.