ბლოგი: შეცდომის მოლოდინში – რა ხდება სერხიო რამოსის თავს?
რთულია საუკეთესო ფორმაში მყოფ სერხიო რამოსს მსოფლიოს რომელიმე სხვა დამცველი შეადარო. თუმცა, ცუდ ფორმაში მყოფ ესპანელს გუნდისთვის საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. მადრიდელთა საუბედუროდ, ბოლო დროს რამოსის სწორედ მეორე ვერსია იჩენს ხოლმე თავს.
რამოსი “რეალის” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც 9-ვე მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და ერთი წუთითაც არ შეუცვლიათ. მაგრამ, გატარებულ 840 წუთში ნათლად გამოჩნდა, რომ ესპანელი ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე ვეღარ დგას.
როგორც იცით, უეფას სუპერ თასის მატჩში სერხიო რამოსი ნამდვილი გმირის როლში მოგვევლინა – მსგავსად 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალისა, აქაც ბოლო წუთებზე გატანილი გოლის მეშვეობით თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც გამარჯვება “ბლანკოსს” დარჩა.
თუმცა ამ ყველაფერს მისივე შეცდომა სდევდა თავს. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში “დალაქებმა” სწორედ სერხიო რამოსის ჯარიმის შემდეგ დანიშნული პენალტის მეშვეობით მოახერხეს მეორე გოლის გატანა და წინ გასვლა. ახალ სეზონში ეს პირველი შემთხვევა იყო ,როდესაც პენალტი სერხიო რამოსის გამო დაინიშნა. შემდეგ კი იყო მატჩი “ოსასუნასთან” (5-2) და “ვილიარეალთან” (1-1).
ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ როგორი მეგობრული ურთიერთობა აქვთ სერხიო რამოსსა და წითელ ბარათებს. “რეალის” მაისურით თამაშისას ის 21-ჯერ იქნა გაძევებული მოედნიდან, მეტჯერ ვიდრე ამ კლუბის რომელიმე ფეხბურთელი.
დისციპლინარულ საკითხთან არც ახალ სეზონში აქვს კარგი ურთიერთობა მადრიდელთა კაპიტანს – გავიხსენოთ “კორნელიაზე” ფრედ დასრულებული მატჩი, რომელშიც უკვე გაფრთხილებულმა რამოსმა მსაჯს ბურთი გაარტყა და ძლივს გადაურჩა გაძევებას. შემდეგი კი “ლას პალმასთან” ასევე ფრედ დასრულებული მატჩი იყო, სადაც უკვე გაყვითლებულმა რამოსმა ხელით ითამაშა ბურთზე. ის ამჟამადაც გადაურჩა გაძევებას.
“ლას პალმასთან” მატჩში “რეალი” სიტუაციას აკონტროლებდა, თუმცა ბოლო 5 წუთში მაინც გაუშვა გოლი და მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა. იგივე მოხდა “ბორუსიასთან” გამართულ მატჩშიც. მართალია “ბორუსიელთა” მეორე გოლში კეილორ ნავასსაც მიუძღვოდა გარკვეული ბრალი, თუმცა ჯარიმა ხომ სწორედ რამოსის შეცდომის შედეგად დაინიშნა.
რთულია იმის ახსნა, თუ რა ხდება რამოსის თავს, თუმცა ფაქტია, რომ რამოსისა და ვარანის დუეტი არც ისე კარგად მოქმედებს. ესპანელი აშკარად ამჯობინებდა პეპესთან თამაშს, რომელმაც 9-დან მხოლოდ ორ შემთხვევაში დაიწყო მატჩი სატარტოდან.
ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როდესაც “რეალს” ასე უჭირს – ზედიზედ სამი ფრე “ვილიარეალთან”, “ლას პალმასთან” და “ბორუსიასთან”. ამას ემატება ისიც, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კაზემირო ტრავმირებულია.
ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ “ეიბართან” მატჩს სასტარტოდან რამოსის ნაცვლად პეპე დაიწყებს.