ბოატენგი: “როგორი იქნებოდა სპორტი ფერადკანიანების გარეშე? მოსაწყენი”
“ბეშიქთაშის” ფეხბურთელმა, კევინ-პრინს ბოატენგმა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ ფერადკანიანმა მოთამაშეებმა სამყაროს უნდა დაანახონ, თუ რა მნიშვნელობა აქვთ მათ.
“გამოაკელით სპორტს ყველა ფერადკანიანი სპორტსმენი და ფილმებს ყველა ფერადკანიანი მსახიობი – როგორი იქნებოდა? ძალიან მოსაწყენი. მინდა, ერთი დღით ფერადკანიანმა მოთამაშეებმა თავიანთი პროფესიონალური მოვალეობა არ შეასრულონ, შეგვიძლია, ეს ჯორჯ ფლოიდის დაბადების დღეზე გავაკეთოთ. ამას იმიტომ კი არ გავაკეთებთ, რომ ჩვენ სამსახურებს პატივს არ ვცემთ, არამედ გვინდა, ფერადკანიანმა საზოგადოებამ თავისი ღირსება წარმოაჩინოს”, – უთხრა ბოატენგმა Sky Sports-ს.
“მილანისა” და “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველის აზრით, საზოგადოება ამ პრობლემას ისე სერიოზულად არ აღიქვამს, როგორც საჭიროა. მისი თქმით, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.
“უნდა ვილაპარაკოთ და უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ. უნდა გამოვიყენოთ სოციალური მედია, რადგან დღეს ეს ყველაზე დიდი პლატფორმაა. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ მას 100 გამომწერი ჰყავს და მის პოსტს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ შეგიძლია ამ 100 გამომწერიდან 50-ს შენი ხმა მიაწოდო. როცა ხედავ, რომ თეთრკანიანი ადამიანებიც შენ გვერდით დგანან, ეს უფრო გაძლიერებს. ვიცი, რომ ჩვენ გვერდით ხართ, ამიტომ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.
საკმარისს არავინ აკეთებს. ‘#BlackOutTuesday’ საკმარისი არ არის, ამის დაწერა ძალიან ადვილია. ბევრს ეშინია, რომ თავიანთი გამოხმაურებით სპონსორებთან ურთიერთობას გაიფუჭებენ. შავი ფერის ფოტოს გამოქვეყნება ძალიან მარტივია. ეს კარგი ჟესტია, მაგრამ ძალიან ადვილია… თუ ასეთი ადამიანებისაკენ თითს გაიშვერ, გეტყვიან ‘მე შავი ფერის ფოტო გამოვაქვეყნე’. მხოლოდ ფოტო ჩემთვის არაფერს ნიშნავს”, – განაცხადა ბოატენგმა.