ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად – რუსულმა კლუბებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს
მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გათამაშებებში ჯგუფური ეტაპის გადალახვა ვერცერთმა რუსულმა კლუბმა ვერ შეძლო, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
ბოლო რუსული კლუბი, რომელსაც ევროპის ლიგის 1/16-ფინალში გასვლა შეეძლო, “კრასნოდარი” იყო. კრასნოდარელები გუშინ გადამწყვეტ შეხვედრაში “ხეტაფესთან” 0:3 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.
ჩემპიონთა ლიგაზე, D ჯგუფში მოსკოვის “ლოკომოტივმა” ბოლო ადგილი დაიკავა, მოსკოველთა მსგავსად, G ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა “ზენიტი”.
ევროპის ლიგის გათამაშებაში, H ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა მოსკოვის ცსკა, ხოლო C ჯგუფში “კრასნოდარი” მესამე ადგილს დასჯერდა.
2019-2020 წლების სეზონში უეფას ტურნირებზე რუსული კლუბების ასეთი ცუდი გამოსვლით პორტუგალიამ ისარგებლა. პორტუგალიამ უეფას საკლუბო კოეფიციენტების რეიტინგში რუსეთს გადაასწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021-2022 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მხოლოდ ორ რუსულ კლუბს შეეძლება, ხოლო ევროპის ლიგაზე რუსებს სამი წარმომადგენელი ეყოლებათ.