ბოლო წუთზე შენარჩუნებული იმედი
პორტუგალიის ნაკრებმა ამერიკელებთან მატჩის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე მოახერხა.
მეორე ტურისთვის ამერიკელებმა და პორტუგალიელებმა ჯგუფში როლები გაცვალეს. პაულუ ბენტუს გუნდი ჯგუფიდან გასვლის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო. იურგენ კლინსმანის შეგირდებს კი მეოთხე ადგილზე მოიაზრებდნენ.
პორტუგალია ტრავმების ეპიდემიის და პეპეს სულელური დისკვალიფიკაციის გამო მატჩს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით შეხვედა. თუმცა, მიუხედავად ოპტიმალურისგან შორს მყოფი შემადგენლობისა, პორტუგალიელებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს და მეხუთე წუთზე ნანის გოლით დაწინაურნდენ კიდეც. გატანილი გოლის შემდეგ პორტუგალიელები ინიციატივას კიდევ ფლობდნენ, მაგრამ მალევე თამაში გათანაბრდა.
ორივე გეუნდის მიზანი მეტოქის ნახევარზე სწრაფი შეტევებით გადასვლა იყო. თუმცა, ტაიმის შუაში ნათელი გახდა, რომ გუნდები თავის გეგმას ვერ შეასრულებენ. მატჩის ტემპი არც თუ ისე მაღალი იყო, მრავლად იყო შეცდომები ორივე მხირდან. საგოლე მომენტები კი, მხოლოდ შორეულ დარტყმებს მოჰყვებოდა.
მეორე ნახევარში პორტუგალიელთა პრობლემები კიდევ უფრო გამძაფრდა. ანდრე ალმეიდას ტრავმის შმედეგ მარცხენა მცველის პოზიცია მიგელ ველოზუმ დაიკავა, რომელსაც ზუსის და სწრაფი ჯონსონი წინააღმდეგ თამაში ძალიან გაუჭირდა.
ამერიკელები გააქტიურდნენ. აღსანიშნავია ჯონსის თამაში, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში არ ჩერდებოდა. სწორედ ჯერმენის გოლით გაათანაბრეს ამერიკელებმა – ბეტუ უშანსოდ იყო.
გატანილი გოლის შემდეგ ამერიკელები ოდნავ მოეშვნენ და მეორე გოლი საკამოდ მოულოდნელად გაიტანეს. პორტუგალიელთა მცველების შეცდომით დემპსიმ ისარგებლა – 2:1.
პორტუგალია მარცხის შემთხვევაში მუნდიალს ემშვიდობებოდა. სწორედ ამ დროს ლიდერის თვისებები წარმოაჩინა კრიშტიანუ რონალდუმ. კაპიტანმა კომპენსირებული დროის ბოლო წამებზე ფლანგიდან კარგი გადაცემით მონახა ვარელა, რომელმაც ანგარიშის გათანაბრება და პორტუგალიისთვის შანსის შენარჩუნება მოახერხა.
გოლები: ნანი 5′ (0:1); ჯონსი 64′ (1:1); დემპსი 81′ (2:1); ვარელა 95′ (2:2)