ბოლო ვარჯიშები თასის ფინალამდე
17 მაისს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალისტებმა მატჩის წინა ბოლო ვარჯიშები გამართეს. 19:00 საათზე მოედანზე პირველი თბილისის „დინამო“ გამოჩნდა. დედაქალაქელთა ვარჯიშმა ერთ საათს გასტანა. გუნდი საბრძოლო განწყობაზეა და ვარჯიშმაც ხალისიან გარემოში ჩაიარა.
საქართველოს ჩემპიონების შემდეგ მოედანზე ბოლნისის „სიონი“ გამოვიდა. მეტოქის დარად ბოლნისელებიც საბრძოლო განწყობაზე არიან, რაც მათმა მთავარმა მწვრთნელმა, არმაზ ჯელაძემ ოფიციალურ კომენტარშიც დაადასტურა.
იურაი იარაბეკი: “ყველანი საინტერესო და დაძაბულ შეხვედრას ველოდებით. ვფიქრობ, ბევრი გულშემატკივარი მოვა, როგორც ჩვენი, ისე მოწინააღმდეგე გუნდის მხარდასაჭერად. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ სტადიონზე კარგი გარემო იქნება. სასიამოვნოა, რომ მატჩს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება”.
არმაზ ჯელაძე: “მივესალმები ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოს თასის ფინალის ქუთაისში გამართვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბოლნისის „სიონს“, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპულია თასის ფინალში წარმატებული ასპარეზობა”.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18 მაისს 19:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური