ბოლოს როდის შეჩერდა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთი?
კორონავირუსის (COVID-19) პანდემიამ მსოფლიო პარალიზებული გახადა. ქვეყნები საზღვრებს კეტავენ და ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით მოსახლეობას სახლებში დარჩენას ურჩევენ, რიგ შემთხვევაში აიძულებენ კიდეც.
ბუნებრივია, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა იქონია სპორტზეც, მათ შორის ფეხბურთზეც. გაურკვეველი დროით შეწყდა მსოფლიოს თითქმის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი. გამონაკლისი არც საქართველოს საფეხბურტო ჩემპიონატები გახლდათ.
თუ ისტორიას თვალს კარგად გადავავლებთ, შევამჩნევთ, რომ მსოფლიოს ფეხბურთის პარალიზებას საკმაოდ სერიოზული მიზეზები სჭირდება. ბოლოს მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას მოხდა.
მაგალითისთვის, ინგლისში ფეხბურთი 1939/40 წლების სეზონის მიმდინარეობისას შეწყდა და სრულფასოვნად მხოლოდ 1946 წელს განახლდა. ამასობაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი ომში ჩაერთო და ტრაგიკულად დაიღუპა. ანალოგიურ ვადებში შეწყდა საფრანგეთის ჩემპიონატიც.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ისეთი ტიპის გათამაშებები შეიქმნა, როგორებიც იყო “ომის თასი” და “ომისდროინდელი ჩემპიონატი”. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მატჩებზე დასწრება ძალიან სარისკო გახლდათ, გულშემატკივარი ცდუნებას მაინც ვერ უძლებდა.
მეორე მსოფლიო ომმა მსოფლიოს 1942 წლის და 1946 წლების ჩემპიონატების ჩატარებაც გამორიცხა.
ესპანეთში პრიმერა დივიზიონი ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას შეწყდა (1936-39), თუმცა ჩემპიონატის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია მეორე მსოფლიო ომს. იტალიის სერია A კი 1943 წლამდე ჩვეულ რიტმში მიმდინარეობდა, სანამ 1944 წელს არ გააუქმებდნენ ერთი წლით.
გერმანიის გაულიგაც მცირე შეფერხებებით, მაგრამ მაინც აგრძელებდა თავისი ფუნქციის შესრულებას. იმ პერიოდში ყველაზე წარმატებულ კლუბად გელზენკირხენის “შალკე” ითვლებოდა – 1939-44 წლების პერიოდში ამ კლუბმა ექვსიდან სამი გათამაშება მოიგო. ამას ოთხწლიანი პაუზა მოყვა.