ბონუჩი: “ადრე რონალდუზე ვთამაშობდით, ახლა გუნდურ ფეხბურთზე ვაკეთებთ აქცენტს”
ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში “ზენიტი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ თამაშის სტილში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.
“ძალიან რთული მატჩი იყო. როგორც კი “ზენიტი” ბურთს კარგავდა, მაშინვე ყველა სივრცეს კეტავდნენ. ეს გამარჯვება მთელმა გუნდმა დაიმსახურა.
ვფიქრობ, ახლა უფრო გუნდურ ფეხბურთზე ვაკეთებთ აქცენტს. ეს თვისება დაკარგული გვქონდა. ადრე ჩვენ დიდებულ ჩემპიონზე, რონალდუზე, ვთამაშობდით. გვინდოდა, რომ მას დავხმარებოდით და კარგ პოზიციაზე გაგვეყვანა.
ადრე ისეთი წარმოდგენა გვქონდა, რომ რონალდუ ყველა მატჩის ბედს გადაწყვეტდა. წელს კი თავიდან აღმოვაჩინეთ ჩვენში საჭირო თვისებები, რომელიც გუნდური გამარჯვების მოსაპოვებლად არის აუცილებელი,” – აცხადებს ბონუჩი.