ბონუჩი: “რონალდუ ფეხებში მიიღებს”
ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდზე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, “სკუადრა აძურა” მუნდილის საგზურისთვის პორტუგალიისა და თურქეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
“მინდა, საჩუქარი გავუკეთო შვილებს, რომელთაც იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე არასდროს უნახავთ. ამ თემაზე კრიშტიანუ რონალდუს ვესაუბრე და ჩვენი ნაკრებების შესაძლო დაპირისპირებაზეც ვიხუმრეთ. ვნახოთ, რა იქნება მოედანზე, თუმცა კრიშტიანუმ იცის, რომ ჩვენგან ფეხებში მიიღებს”, – თქვა ბონუჩიმ “რაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური რაუნდის მატჩები 2022 წლის 24 მარტს ჩატარდება, ხოლო ფინალური შეხვედრები 29 მარტს გაიმართება.