ბორჯღალოსნები დუბლინში ჩავიდნენ
ნოემბრის ტესტ-სერია გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ წლეულს ბორჯღალოსნები თავიანთ მეორე ტესტს გასვლაზე – ირლანდიის ეროვნულ ნაკრებთან ‘ავივა სთედიუმზე’ გამართავენ. მატჩი, რომელსაც ქართველი რაგბის ქომაგი 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ელოდა, 16 ნოემბერს 18:30 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.
საქართველოს ნაკრები დუბლინში კვირას ჩავიდა. ტონგასთან ჩატარებული 8 ნოემბრის ტესტისა და მგზავრობის შემდეგ, ბორჯღალოსნები აღდგენას გადიან. მწვრთნელები დღევანდელ დღეს ანალიზისთვის გამოიყენებენ, ხოლო ხვალიდან ჩვენი გუნდი მინდორზე ვარჯიშს შეუდგება.
სამწვრთნელო შტაბს დაგეგმილი ჰქონდა დუბლინში ვასილ კაკოვინის გამოძახება, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. სამწუხაროდ, შაბათს ფრანგული ტოპ 14-ის მატჩის შემდეგ, რომელშიც ტულუზამ ბორდოს სძლია, კაკოვინს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა, რის გამოც იგი ვერ შეძლებს ნაკრების დახმარებას.
სამწუხაროდ, ბორჯღალოსან ბექა წიკლაურს მამა გარდაეცვალა და იგი თილისში დაბრუნდა – ქართული სარაგბო თემის სახელით, საქართველოს რაგბის კავშირი სამძიმარს უცხადებს ბექას და მის ოჯახს.
კარგ ფორმაშია და მატჩისთვის აქტიურად ემზადება დიმიტრი ბასილაია, რომელმაც ტონგასთან ტესტი, ვარჯიშზე მიღებული მაჯის ტრავმის გამო გამოტოვა.
დუბლინის შემდეგ
16 ნოემბრის მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები თბილისში დაბრუნდებიან, რათა იაპონიის წინააღმდეგ გასამართი, წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრისათვის გააგრძელონ მზადება. მატჩი 23 ნოემბერს, გიორგობას მესხის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. გაცნობებთ, რომ შეხვედრის ბილეთები 17 ნოემბრიდან მესხის სტადიონის სალარობში გაიყიდება, რომელთა ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური