ბორჯღალოსნები ფრანგულ შეკრებაზე გაემგზავრნენ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2017 წლის გათამაშების დაწყებამდე ერთი კვირაზე ნაკლები რჩება. ჩემპიონატის პირველ ტურში ბორჯღალოსნები ბელსგიას ბრიუსელში 11 თებერვალს ეწვევიან.
გაფართოებულში ერთი ცვლილებით
დღეს ბორჯღალოსნები წლის პირველი შეკრების გასამართად ტულუზაში გაემგზავრნენ. ჰეიგმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა (პირველი ორი მატჩისთვის) 26 იანვარს დაასახელა, რომელშიც 31 მორაგბეს უხმო.
გამოძახებულთაგან ნახევარზე მეტი ქართულ კლუბებს წარმოადგენს. 16 მორაგბე დიდი 10-ის და ერთი პირველი ლიგის გუნდიდანაა. რაზმში ერთი ცვლილებაა: ‘სტად ფრანსეს’ ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ მიკრო-ტრავმა მიიღო და მის ადგილს ‘აჯენის’ ბურჯი, გიორგი თეთრაშვილი დაიკავებს.
ფრანგულ შეკრებაზე ბორჯღალოსნები 9 თებერვლამდე დარჩებიან, რის შემდეგაც გეზს ბრიუსელისკენ აიღებენ და ბელგიას 11 თებერვალს, თბილისის დროით 18 საათზე შეერკინება.
ბორჯღალოსნები სამშობლოში 13 თებერვალს ბრუნდებიან და გერმანიასთან მატჩისთვის ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე განაგრძობენ მზადებას. თამაში 19 თებერვალს რუსთავში გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.