ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი
2016 წლის სანაკრებო სეზონის ესტაფეტას “ბორჯღალოსნები” შაბათს, 13 თებერვალს, პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩით გააგრძელებენ.
საქართველოს დროით 18:30 საათზე “ლობუში” ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გვიმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს, ხოლო ონლაინ-სტრიმი “რაგბი ევროპის” პორტალ Rugbyeurope.tv-ზე განხორციელდება.
ბორჯღალოსნები კვირას გაემგზავრნენ ლისაბონში, სადაც მათ დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე დაემატნენ.
წარსული რკენები
აქამდე ბორჯღალოსნები და ‘ლობუშად’ (მგლები) ცნობილი პორტუგალიელები ერთმანეთს 19-ჯერ ერკინენ. ურთიერთ-შეხვედრების ბალანსი 13 მოგებით, 4 წაგებითა და 2 ფრით ჩვენს მხარესაა. ჯამური ანგარიშია 440:265 (ლელოებით 51/16). “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის მეორე ტურის მეტოქესთან ბოლოს 11 წლის წინ დავმარცხდით. მას აქეთ შედგა 12 მატჩი – 10 მოგება და 2 ფრე, თანაც 2010 წლიდან მოყოლებული ლუზიტანებს ვაჯობეთ ზედიზედ 6-ჯერ.
რაგბი ეროპის ჩემპიონატი 2016, II ტური#პორტუგალია – #საქართველო 13/02/2016, ლისაბონი#უკანახაზი [ბექები]15 მერაბ კვირიკ…
Posted by საქართველოს რაგბის კავშირი / Georgian Rugby Union (Official) on Thursday, 11 February 2016
უკანახაზი [ბექები]
15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე
შერკინება [ფორვარდები]
1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 დუდუ ქუბრიაშვილი, 4 გიორგი ჩხაიძე, 5 გიორგი ნემსაძე, 6 შალვა სუთიაშვილი (კაპ), 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 ლაშა ლომიძე, 4ლ სბ
მარქაფა [სათადარიგოები]
23 გიორგი აფციაური, 22 ლაშა მალაღურაძე, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 კახა ასიეშვილი, 18 ანტონ ფეიქრიშვილი, 19 ვახტანგ მაისურაძე, 20 ბექა გორგაძე,
რაზმი
მილთონ ჰეიგმა გერმანიასთან მოთელვის შემდეგ რაზმი გადაახალისა: 23 კაცში ხუთი მოთამაშეა, ვისაც სტარტზე არ უთამაშია.
სამი სიახლეა უკანა ხაზში: 15 ნომრად იწყებს ვეტერანი, საუკეთესო მექულე (667) მეკო კვირიკაშვილი; გარემარბად – თამაზ მჭედლიძე, შუამარბად კი – მერაბ შარიქაძე დაბრუნდა. სამივენი ბოლო წლებში ძირითადის უცვლელი წევრები იყვნენ.
მარჯვენა ბურჯად დაგვიბრუნდა დუდუ ქუბრიაშვილი, ვისაც მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა, შერკინების შემკვრელად კი მარქაფიდან დაწინაურდა ლაშა ლომიძე, ვინაც გერმანიას ორი ლელო დაუდო.
მეხუთე ‘ახალი’ – მხტომელი ვახტანგ მაისურაძეა, რომელიც ამჯერად რეზერვშია. სანაკრებო შტაბმა იქვე გადასვა გერმანიასთან სამი დამწყებიც, ზოგადი შთაბეჭდილება კი ისაა, რომ ლობუშთან, როგორც უფრო ძლიერ მეტოქესთან, უკეთესი გუნდი გაგვყავს.
ამ მატჩში ‘მრგვალ’ კეპს არავინ იხვეჭს, ისე კი გერმანიასთან დავით კაჭარავა დაეწია ‘მეკოს’ (88) და გიორგი ჩხაიძეც (87) კვალში უდგას ლიდერებს.
„გვიხარია, რომ რამდენიმე მორაგბემ მოიშუშა ტრავმა და მონაწილეობას მიიღებს ამ მნიშვნელოვან მატჩში. ჩვენი უკანა ხაზი ძალიან კარგ ფორმაშია და მოუთმენლად ველით მსოფლიო თასის შემდეგ მათ თამაშს. ასევე სასიხარულოა, რომ დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე დაგვემატნენ – ისინი პორტუგალიასთან გუნდურ თამაშს მნიშვნელოვან წვლილს შემატებენ.
„პორტუგალია ტრადიციულად უხერხული და რთული მეტოქეა, განსაკუთრებით – ლისაბონში. აქედან გამომდინარე, გერმანიის თამაშზე დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, განსაკუთრებით – დაცვაში“ – განაცხადა მილთონ ჰეიგმა.
Rugby.GE