ბოში: “ჰავერცის ფასი ას მილიონსაც ასცდება”
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ “ბაიერ ლევერკუზენის” ახალგაზრდა ვარსკვლავი კაი ჰავერცი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ევროპული გრანდების სამიზნე იქნება.
თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში შემტევი ნახევარმცველის გაყიდვას 100 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ აპირებს. მის სახელთან ისეთ კლუბებს აკავშირებენ, როგორებიცაა “რეალი”, “ლივერპული” და “იუვენტუსი”.
“კაი 20 წლის გახლავთ, მაგრამ ბუნდესლიგაში ეს მისთვის მეოთხე სეზონია. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. გერმანიაში მას ყველა ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევს. ის ნამდვილი ინტელიგენტია – პიანინოზეც შესანიშნავად უკრავს.
მისი გადაბირების სურვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც ბევრმა გამოთქვა. მომდევნო ზაფხულში მისი შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება. მაგრამ იმ დროისთვის ჰავერცის ფასი ას მილიონ ევროსაც ასცდება,” – აცხადებს ბოში.