ბრაზილიელი გამომგონებელი ფეხბურთში ქაფის სასხურის გამოყენების შეწყვეტას მოითხოვს
ბრაზილიელმა ჰეინე ალემანიემ ფიფას თხოვნით მიმართა, რომ საფეხბურთო მატჩებში მსაჯებისთვის განკუთვნილი ქაფის სასხურის გამოყენება შეწყდეს.
“ფიფა საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცის. ჩემს წერილში გარკვევით წერია, რომ ქაფის სასხურზე პატენტი არსებობდა. ფიფაში ისე იქცევიან, თითქოს ეს მათ არ ეხება. ისინი ძარცვას აგრძელებენ.
აღიარებას არ ვითხოვ, ისედაც ყველამ იცის, რომ ქაფის სასხურის გამომგონებელი მე ვარ. ფიფასგან პატივისცემასა და სამართლიანობას მოვითხოვ. საქმე 35 მილიონ დოლარში არ არის”, – ციტირებს ალემანიეს სიტყვებს “გლობო”.
თავის მხრივ, ფიფა ჰეინე ალემანიეს ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
“თქვენ მანამდე პატენტის თაობაზე რაიმე მითითება არ გქონიათ. თქვენ მიერ წარმოდგენილი წერილი ფიფას მიმართ მხოლოდ უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებებს შეიცავს. მოგიწოდებთ, რომ უსაფუძვლო პრეტენზიებისგან თავი შეიკავოთ”, – ნათქვამია ფიფას წერილში.
ჰეინე ალემანიემ ქაფის სასხური 2000 წელს გამოიგონა. ფეხბურთში ეს ხელსაწყო პირველად 2001 წელს გამართულ ჟოაო აველანჟის თასზე გამოიყენეს.