ბრაზილიელი ფეხბურთელები კოპა ამერიკასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების წევრები კოპა ამერიკას ბოიკოტს აღარ გამოუცხადებენ, თუმცა კრიტიკულ პოზიციას კვლავაც აფიქსირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნეიმარი და ნაკრების სხვა ვარსკვლავები სოციალურ ქსელში ადასტურებენ.
“როდესაც ბრაზილიელად იბადები, ფანად იბადები. კოპა ამერიკას ჩატარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება 200 მილიონზე მეტმა ფანმა გამოთქვა.
ერთად შეკრული გუნდი ვართ, თუმცა განსხვავებული იდეები გაგვაჩნია. გარკვეული მიზეზების გამო, იქნება ეს პროფესიონალური თუ ადამიანური, ჩვენ კოპა ამერიკის ჩატარების წინააღმდეგი ვართ.
მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მასპინძელი. ყველა რაციონალური ფაქტი ამ პროცესის წარმართვის წინააღმდეგ არის მიმართული.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ ამ დისკუსიამ პოლიტიკური ხასიათი შეიძინოს. ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხალხისთვის ჩვენი პოზიცია და არ გვინდა, ჩვენი სახელები ცრუ ინფორმაციებთან იყოს დაკავშირებული.
ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მისია – უნდა ვატაროთ ისტორიული ყვითელ-მწვანე მაისური, რომლითაც 5-ჯერ აქვს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული. ჩვენ კოპა ამერიკის წინააღმდეგ გამოვდივართ, მაგრამ არასდროს ვიტყვით უარს ბრაზილიის ნაკრებზე,” – ვკითხულობთ ფეხბურთელების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა თავდაპირველად კოლუმბიასა და არგენტინაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ორივე ქვეყანამ უარი თქვა მასპინძლობის სტატუსზე.