ბუბა დაუშვილი: “პენალტის დარტყმა თანაგუნდელებს მე ვთხოვე” (ვიდეო)
უკრაინის ჩემპიონატში მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. ლვოვის “კარპატიმ” ოდესის “ჩერნომორეცი” მიიღო და ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ბოლო გოლი 92-ე წუთზე მურთაზ დაუშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. სტუმართა შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაამთავრა 22 წლის მცველმა დავით ხოჭოლავამ.
აღსანიშნავია, რომ პენალტის დანიშვნის ეპიზოდში “ჩერნომორეცის” მეკარე მოედნიდან გააძევეს, ვინაიდან მან ერთი ერთზე გამოსული მეტოქე საჯარიმო მოედანზე წააქცია. ოდესელებს შეცვლის ლიმიტი ამოწურული ჰქონდათ და კარში მინდვრის მოთამაშე ჩადგა, დაუშვილმა კი აუღებელი დაარტყა. მატჩის შემდეგ ქართველ ნახევარმცველს “კარპატის” ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა.
“ძალიან გახარებული ვარ. გატანილ გოლს ჩემს ახალშობილ ქალიშვილს მივუძღვნი, რომელსაც მარიამი დავარქვით. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. კმაყოფილები ვართ არამხოლოდ ანგარიშით, არამედ თამაშითაც.
პენალტის დარტყმის უფლება ბიჭებისგან მივიღე. თანაგუნდელებისა და მწვრთნელების მადლიერი ვარ. მე არ ვარ პენალტების დარტყმელი, თუმცა დღეს საპატიო მიზეზი მქონდა. დარტყმის მომენტში ჩემს ქალიშვილზე ვფიქრობდი.
როდესაც კარში მეკარე დგას, უფრო მეტად მოტივირებული ხარ, თუმცა დღეს მოტივაცია ისედაც არ მაკლდა.
შესაძლოა, ჩემს გოლს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, რამდენადაც გუნდის დამაჯერებელ თამაშს. მჯერა, რომ არ გავჩერდებით და ასეთივე თავდაჯერებით გავაგრძელებთ ასპარეზობას”, – განაცხადა ბუბა დაუშვილმა.
“კარპატი” 9 ქულით დონეცკის “შახტართან” და კიევის “დინამოსთან” ერთად 1-3 ადგილებს იყოფს.