ბუბა ტყავაძემ “სიონი” დატოვა და შესაძლოა, “დინამოში” დაბრუნდეს
ბოლნისის “სიონი” დირექტორმა, ბუბა ტყავაძემ დატოვა. ტყავაძის განცხადებით, “სიონთან” ერთად გარკვეულ მიზნებს მიაღწია, თუმცა დღევანდელმა მდგომარეობამ მას გუნდის დატოვებისკენ უბიძგა.
“რა თქმა უნდა, სამწუხაროა ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან “სიონში” ორი წელი ვიმუშავე. პირველ წელს დავისახეთ მიზანი, რომ უმაღლეს ლიგაში გადმოვსულიყავით, რაც ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ ეს ერთად შევძელით. მეორე წელს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი საკუთარ მოედანზე არ თამაშობდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა. ახლა, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩა და თავისი განახლებული მინდორიც აქვს, საჭირო იყო სხვა ეტაპზე გადასვლა, რათა გუნდის განვითარება არ შეჩერებულიყო და უფრო მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა. იმ მოცემულობაში, რაც დღეს არის ბოლნისის “სიონში”, სამწუხაროდ, ჩავთვალე რომ ეს შუძლებელია და გუნდს მოუწევს იგივე მიზნებისთვის ბრძოლა, რაც ჩემთვის მოტივაციის მომცემი აღარაა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება გუნდიდან წამოვსულიყავი.
მინდა ვისარგებლო და დიდი მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, მწვრთნელებს რომლებიც ამ ორი წლის განმავლობაში პროფესიონალურად უდგებოდნენ თავის საქმეს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა თანამშრომელს და გუნდის გულშემატკივარს.
საფეხბურთო კლუბ “სიონს” მომავალში წარმატებას და წინსვლას ვუსურვო”, – ტყავაძის განცხადება “სიონის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, ტყავაძემ, შესაძლოა, “დინამოში” გადაინაცვლოს.