ბუნდესლიგა 2019/20 – გაიცანით ევროასპარეზისთვის მებრძოლი კლუბები
გერამნიის უმაღლესი ჩემპიონატის, ბუნდესლიგის, ახალი სეზონი უკვე კარს მოგვადგა. რას უნდა ველოდოთ გერმანიის უძლიერესი კლუბებიდან? გთავაზობთ მცირე ანალიზსა და მიმოხილვას ბუნდესლიგის იმ კლუბებზე, რომლებმაც გასულ სეზონში ევროასპარეზზე საკუთარი ძალების გამოცდის უფლება მოიპოვეს.
ფრანკფურტელთა კლუბი გასული სეზონის ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ. ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც გუნდს სათავეში ნიკო კოვაჩი ედგა, “არწივებმა” გერმანიის თასის მოგება შეძლეს. მას შემდეგ კოვაჩი “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი გახდა, “აინტრახტი” კი ადი ჰიუტერს ჩააბარეს.
ავსტრიელმა სპეციალისტმა “კომერცბანკ-არენაზე” საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა. “წითელ-შავი” გუნდი სეზონის განმავლობაში არაერთხელ შეგხვდებოდათ ჩემპიონთა ლიგის ზონაში, რეკორდული 11-მატჩიანი სერიაც გამოაცხეს (ევროთასების ჩათვლით 16). ევროპა ლიგაზე “აინტრახტს” ერთი ნაბიჯი დააკლდა ფინალამდე – გერმანულ კლუბს წინ ლონდონის “ჩელსი” გადაეღობა, რომელთანაც ბოლომდე იბრძოლა და მხოლოდ პენალტები სერიაში დამარცხდა.
სამწუხაროდ, სეზონის ბოლო გუნდმა შეუფერებლად ჩაატარა. დაუგეგმავად დაკარგული ქულების შედეგად “აინტრახტი” ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოვარდა და სეზონი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა.
შეძლებს კი “აინტრახტი” ისეთივე დონეზე თამაშს, როგორც გასულ სეზონში? უფრო ვერა, ვიდრე კი. მიზეზი კი მარტივია – გუნდის რიგები ორმა ლიდერმა, ლუკა იოვიჩმა და სებასტიან ალემ, დატოვეს. რთულია თქმა, თუ ვინ შეძლებს მათ სეზონს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მათ მიერ განხორციელებული რამდენიმე ტრანსფერი ვიხილოთ.
ბუნდესლიგის გახსნით შეხვედრაში “აინტრახტი” საკუთარ კედლებში “ჰოფენჰაიმს” მიიღებს.
2018/19 წლების სეზონი: მე-7 ადგილი, 54 ქულა ბუნდესლიგაში.
სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: ტრაპი; დურმი, ჰინტერეგერი, ნდიკა, ტურე; მიულერი, როდე, კორი, სოუ, კოსტიჩი; პასენსია;
თუ “აინტრახტს” გასული სეზონის აღმოჩენა ვუწოდეთ, “ვოლფსბურგზე” ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით. ეს კლუბი მთელი სეზონის მანძილზე დამსახურებულად ატარებდა არაპროგნოზირებადის სახელს. უკვე ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “მგლებმა” ჩემპიონობა იზეიმეს. მას შემდეგ ამ გუნდმა თავისი ფანები მხოლოდ გერმანიის თასის მოგებითა და ვერცხლის მედლით გაახარა.
სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ “ვოლფსბურგს” არც თუ ისე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ევროპა ლიგის ზონაში შეღწევას ძირითადად კონკურენტი კლუბების უპატიებელ შეცდომებს უნდა უმადლოდეს. გლასნერის გუნდმა გასულ სეზონში საკუთარ თავს აჯობა.
ძაიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რას შემოგვთავაზებს “თეთრ-მწვანე” კლუბი. ამ გუნდის მნიშვნელოვანი პლუსი შენარჩუნებული ბირთვია, კლუბს არცერთი ლიდერი არ გაუყიდია. ამასთანავე, გერმანულმა მხარემ 15 მილიონ ევროდ გარემარბი ხავერ შლაგერი და 9 მილიონ ევროდ მცველი კევინ მბაბუ დაიმატეს.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც “ვოლფსბურგი” ევროტურნირებზე გამოდის, საშინაო ჩემპიონატში არასახარბიელოდ ასპარეზობს. ამიტომაც, გასაკვირი არ იქნება, თუ გლასნერის გუნდი სეზონის მერვე ან მეცხრე პოზიციაზეც დაასრულებს.
ბუნდელსიგის გახსნით ტურში “ვოლფსბურგის” საკუთარ კედლებში “კიოლნს” მიიღებს.
2018/19 წლების სეზონი: მე-6 ადგილი, 55 ქულა ბუნდესლიგაში.
სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: კასტელი; ოტავიო, ტისერანდი, კნოჰე, მბაბუ; კამაჩო, შლაგერი, არნოლდი, მეჰმედი; გინჩეკი, ვეგორსტი;
“კვიცებმა” გასულ სეზონში კიდევ უფრო გაიმაგრეს პოზიცია ბუნდესლიგაში. მართალია, “გლადბახმა” მეხუთე პოზიცია დაიკავა, თუმცა მათი ფანების ნაწილი მაინც უკმაყოფილი იყო, რაც გასაგებიც არის – მთელი სეზონის განმავლობაში “მიუნხენგლადბახი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის ფავორიტი გახლდათ.
კლუბის ხელმძღვანელობამ გასული სეზონის შემდეგ გუნდში რეფორმების გატარების გადაწყვეტილება მიიღო, მოიწვიეს რა “რედ ბულის” ყოფილი თავკაცი მარკო როზე. მარკოს მეთაურობით ავსტრიულმა კლუბმა როგორც საშიანო ჩემპიონატში, ასევე საერთაშორისო დონეზე წარამტებებს მიაღწია.
სხვა გერმანული კლუბების მსგავსად, არც “გლადბახს” უაქტიურია. კლუბმა მხოლოდ დაცვის ფლანგები გააძლიერა. კლუბიდან წასული ტორგან აზარის შემცვლელად კი ბრეელ ემბოლო და მარკუს ტურამი მოიწვიეს. სავარაუდოდ, კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა ლიდერი არ დატოვებს.
“გლადბახს” საკმაოდ ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელი ჰყავს, ისევე როგორც კონკურენტუნარიანი გუნდი. რა თქმა უნდა, მათ წინა წლის შედეგის გაუმჯობესების საკმაოდ კარგი შანსი აქვთ, თუმცა ეს ბევრ სხვა ფაქტორზეც გახლავთ დამოკიდებული.
“გლადბახი” სეზონს შინ “შალკესთან” მატჩით გახსნის.
2018/19 წლების სეზონი: მე-5 ადგილი, 55 ქულა ბუნდესლიგაში.
სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: ზომერ; ბენსებაინი, გინტენი, ელვედი, ლაინერი; ზაკარია, კარამერი, ნოიჰაუსი; ემბოლო, პლეა, ტურამი;
პეტერ ბოშმა სადებიუტო სეზონის მიწურულს შეძლო და საკმაოდ სიმპატიურ “ბაიერ ლევერკუზენს” სეზონი გადაურჩინა. ჩემპიონატის პირველი ნახევრის მიმდინარეობისას “ლევერკუზენი” სატურნირო ცხრილის შუაგულში მოძრაობდა და მხოლოდ მიწურულს შეძლეს ოთხეულში შეპარვა.
გუნდის შემდეგი გამოწვევა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლიდერების შენარჩუნება გახლდათ. ბრანდტი, რომლის გამოსყიდვაც 25 მილიონად იყო შესაძლებელია, “ბორუსიაში” გააგრძელებს კარიერას. მაგრამ ლეონ ბეილიდა კაი ჰავერნცი კვალვაც ბოშის ხელმძღვანელობის ქვეშ იქნებიან.
რაც შეეხება ახალწვეულებს, “ბაიერმა” მოედნის ცენტრი კერემ დემირბაისა და ნედემა ამირის ტრანსფერებით შეძლო. გუნდის რიგებში აგრეთვე ჩაირიცხნენ დეილი სინგრავენი და მუსა დიაბი.
პეტერ ბოშის გუნდისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ. არაა გამორიცხული “ბაიერმა” სამეულისთვის იბრძოლოს, ან სულაც ევროტურნირების გარეშე დარჩეს მომდევნო სეზონში.
2018/19 წლების სეზონი: მე-4 ადგილი, 58 ქულა ბუნდესლიგაში.
სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა : გრადეცკი; ვენდელი, ედვაი, ბენდერი, ვაიზერი; პაულინიო, დემირბაი, ბენდერი, ჰავერცი, ბეილი; ფოლანდი
მართალია, ბოლო წლებში “ხარებმა” ბუნდესლიგის ყველაზე საძულველი კლუბის სახელი მოიხვეჭეს, თუმცა გასულ სეზონში კიდევ ერთხელ შეძლეს დამაკმაყოფილებელი შედეგის დაფიქსირება. უცხოური ინვესტორების მიერ გაღებული სოლიდური თანხის წყალობით “ლაიფციგი” კიდევ ერთხელ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
გასულ სეზონში “რედ ბულზ ლაიფციგი” უპრობლემოდ დაეუფლა ბუნდესლიგის ბრინჯაოს მედალს და ამავდროულად გერმანიის თასის ფინალშიც ითამაშა, სადაც “ბაიერნთან” დამარცხდა. ეს ყოველივე კი ახალი სეზონის წინ კლუბის ქომაგებს პოზიტიურად ფიქრის საშუალებას აძლევს.
გუნდს სათავეში 32 წლის ნიჭიერი სპეციალისტი იულიან ნაგელსმანი უდგას, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების საფეხბურთო სამყარო ჯერ კიდევ “ჰოფენჰაიმში” მუშაობისას გააოცა. ამასთანავე, კლუბს შეუერთდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც: კრისტოფერ ნკუნკუ, ლუკმან ადემოლა, ითან ამპადუ და ჰანეს ვულფი. კლუბი ერთადერთი ლიდერის დაკარგვის წინაშე დგას – საუბარია ტიმო ვერნერზე, რომელსაც ადრე მადრიდის “რეალსაც” უკავშირებდნენ.
გავბედავთ და ვიწინასწარმეტყველებთ, რომ მომდევნო სეზონში თუ არა, იმის შემდეგ მაინც, “ლაიფციგი” სერიოზულად იბრძოლებს გერმანიის ჩემპიონობისთვის. ახლა კი ამ ბრძოლას “ბორუსიასა” და “ბაიერნს” დავუთმობთ.
“ლაიფციგი” პირველ ტურში ახლადაღზევებულ “უნიონ ბერლინს” დაუპირისპირდება.
2018/19 წლების სეზონი: მე-3 ადგილი, 66 ქულა ბუნდესლიგაში.
სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა : გულაში; ჰალსტენბერგი, უპამეკანო, ორბანი, კლოსტერმანი; დემე, საბიცერი, კამპლი, ლაიმერი, ფორსბერგი; ტიმო ვერნერი
“ბორუსიას” გულშემატკივრებისთვის გასული სეზონი ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გახლდათ ბოლო წლების მანძილზე. დორტმუნდელები წარმოუდგენლად ახლოს იყვნენ ჩემპიონობასთან (პირველთან ბოლო შვიდი წლის მანძილზე). თუმცა “ბაიერნის” ჰეგემონია ვერ შეწყდა.
გასულ სეზონში ლუსიენ ფავრს, რომელიც სულ რაღაც ერთი წელია “სიგნულ-იდუნა პარკზე” ბინადრობს, უბრალოდ რესურსი არ ეყო მთელი დისტანციის წარმატებით დასაფარად. კლუბმა უპატიებელი შეცდომები დაუშვა აუტსაიდერებთან შეხვედრებში, რამაც მათ სეზონს დაღი დაასვა.
გავრისკავთ და გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის ყველაზე მეტი შანსი სწორედ “ბორუსიას” აქვს. მათ ძალიან კარგად დაკომპლექტებული და შეთამაშებული გუნდი ჰყავთ.
“დორტმუნდის” ფეხბურთელები სეზონს “აუგსბურგთან” გასამართ საშინაო დაპირისპირებაში გახსნიან.
2018/19 წლების სეზონი: მე-2-ე ადგილი, 76 ქულა ბუნდესლიგაში.
სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: ბიურკი; ჰაკიმი, აკანჯი, ჰუმელსი, შულცი; ვიტსელი, დელეინი, როისი, აზარი, ბრანდტი; ალკასერი;
მიუნხენელებმა გასულ სეზონში ჩემპიონის სტატუსი ღირსეულად დაიცვეს და ამასთან ერთად გერმანიის თასის აწევაც შეძლეს. ასე რომ არ მომხდარიყო, ალბათ ნიკო კოვაჩი “ბავარიელთა” დამრიგებელი აღარ იქნებოდა. ორი ტიტულის მიუხედავად “რეკორდამისტერის” გულშემატკივრები ნამდვილად უკმაყოფილონი დარჩნენ გასული სეზონით.
მართალია, ნიკო კოვაჩმა გასულ სეზონში სამსახურის გადარჩენა შეძლო, თუმცა საკმაოდ რეალური მიზეზები არსებობს იმისა, რომ მიმდინარე სეზონში გაცილებით უფრო გაურთულდეს საქმე გერმანიის ჩემპიონს.
“ბავარიელებს” სატრანსფერო ფანჯარაზე დიდად არ უაქტიურიათ. მართალია დაცვა გააძლიერეს, თუმცა ფლანგებზე კვლავ “შუშის” კინგსლი კომანისა და სერჟ გნაბრის იმედზე არიან. გერმანული კლუბის პრიორიტეტს ლეროი სანეს ტრანსფერი წარმოადგენდა, თუმცა “მანჩესტერ სიტის” შემტევმა ექვსთვიანი ტრავმა მიიღო. “ბაიერნმა” კი სანაცვლოდ ივან პერიშიჩი აიყვანა არენდის წესით.
გერმანიის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა უკვე მოასწრო პირველი მტკივნეული მარცხის განცდა – “ბაიერნი” გერმანიის სუპერთასის მარცხში 0:2 დამარცხდა მთავარ კონკურენტ დორტმუნდის “ბორუსიასთან”. არ არის გამორიცხული, რომ სეზონის ბოლოს ბუნდესლიგის ტიტული “შავ-ყვითლებმა” ასწიონ და არა “ბავარიელებმა”.
მიუნხენის “ბაიერნი” სეზონს ბერლინის “ჰერტასთან” გასამართი საშინააო მატჩით ხსნის.
2018/19 წლების სეზონი: 1-ლი ადგილი, 78 ქულა ბუნდესლიგაში.
სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა : ნოიერი; ალაბა, ერნანდესი, ზულე, კიმიხი; ტიაგო, მარტინესი, მიულერი; გნაბრი, ლევანდოვსკი, კუმანი;