ბუნდესლიგის 270 ფეხბურთელის გამოკითხვის შედეგები ცნობილია
გავლენიანი გერმანული გამოცემა Kicker ბუნდესლიგის ფეხბურთელებს შორის ჩატარებული მასშტაბური გამოკითხვის შედეგებს ასაჯაროვებს. ფეხბურთელებმა 14 საინტერესო კითხვას გასცეს პასუხი.
ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა საუკეთესო მინდვრის მოთამაშედ რობერტ ლევანდოვსკი დაასახელეს (42.6%), რომელსაც ჯეიდონ სანჩო (14.1%) და კიმიხი (12.2%) ჩამორჩნენ. საუკეთესო მეკარის სტატუსი კი მანუელ ნოიერს (35.2%) ხვდა წილად, რომელსაც იან ზომერი (23.7%) უწევდა კონკურენციას.
ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ფეხბურთელებმა ერთხმად აირჩიეს “ბაიერნის” თავკაცი ჰანსი ფლიკი (61.1%, მარკო როზე – 14.4%). ყველაზე წარუმატებელი თავკაცის წოდება კი “ჰერტაში” დანიშნულ იურგენ კლინსმანს მიანიჭეს.
ალბათ გასაკვირი არაა, წლის აღმოჩენის წოდება ალფონს დეივისს რომ მიაკუთვნეს (44.8%, ერლინგ ჰლანდი – 18.1%, მარკუს თურამი – 5.2%). წლის იმედგაცრუებად კი მარიო გიოტცე აირჩიეს (30%).
მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად გამოკითხულთა 74.8 პროცენტმა იურგენ კლოპი დაასახელა, კლოპს შემდეგი მწვრთნელები ჩამორჩნენ: პეპ გვარდიოლა (13%), ჰანსი ფლიკი (4.8%), იულიან ნაგელსმანი (1.9%), სიმეონე და ზიდანი (1.1%).
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი ფეხბურთელების 54.8 პროცენტმა დაასახელა, კრიშტიანუ რონალდუ – 12.6 პროცენტმა, რობერტ ლევანდოვსკი კი – 10.7 პროცენტმა. აღსანიშნავია, რომ ვირჯილ ვან დაიკსა და კილიან მბაპეს ხმების 4.4 პროცენტი ხვდა წილად.
კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი – ფეხბურთელების 74.4 პროცენტმა მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატად ინგლისის პრემიერ ლიგა დაასახელა.